„ქრონიკაში“ გასული ინტერვიუების შემდეგ, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან კიდევ რამდენიმე აღსაზრდელი გადაიყვანეს, ნაწილთან მუშაობა გრძელდება. დილიდან ვითარებას ადგილზე ეცნობიან ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. დღის წესრიგში დადგა პანსიონის სალიცენზიო პირობების გადახედვაც. პარალელურად, სამართალდამცველები ძალადობის სავარაუდო ფაქტებს სწავლობენ.
ცოტა ხნის წინ, პანსიონში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლები შევიდნენ. ადგილზე არიან სოციალური მუშაკები და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლებიც.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა გამოთქვა და სააგენტომ უკვე უზრუნველყო მათი სხვა ზრუნვის ფორმაში გადაყვანა. სააგენტოს მიერ რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, კიდევ 10 ბავშვის გადაყვანაზე მიმდინარეობდა მუშაობა.
3 ივნისს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, სავარაუდო ძალადობის შესახებ, თავად ბენეფიციარები „ქრონიკასთან“ ალაპარაკდნენ. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი, მათივე თქმით, ორი დღის წინ მოხდა. არასრულწლოვნები ამბობენ, რომ შემთხვევების შესახებ მეუფე სპირიდონი არ იყო ინფორმირებული, მათზე აღმზრდელები ზემოქმედებნენ. რომელთა ნაწილი გათავისუფლებულია, თუმცა ნაწილი ისევ ადგილზე რჩება. კითხვაზე – იცოდა თუ არა მეუფე სპირიდონმა ამ ფაქტების შესახებ, ბავშვები ამბობენ, რომ მათ ვერ შეძლეს მეუფესთვის ეთქვათ, როგორ ძალადობდნენ მათზე აღმზრდელები და ასევე ვერ მოახერხეს, რომ ეს ამბავი ვინმესთვის ეთქვათ.