ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქმედ კომისიებსა თუ ფრაქციებში დეპუტატები განიხილავენ საკითხს, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვა უნდა მოხდეს.
როგორც ა(ა)იპ “ლანჩხუთის საზოგადოებრივი ცენტრის” ხელმძღვანელი ვლადიმერ ჩხაიძე განმარტავს, სწორედ ამ სამსახურის პრეროგატივას წარმოადგენს, განახორციელოს შერჩევითი კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში და შეამოწმოს ესთეტიკური თუ კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას რამდენადაა დაცული სანიტარული ნორმები.
უნდა ითქვას, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოწოდება, რომ ლანჩხუთში მსგავსი ტიპის დაწესებულებებში მაქსიმალურად იყოს დაცული ესთეტიკური ნორმები, საკრებულოს წევრთათვის სავსებით მისაღებია, თუმცა, ზოგიერთთა მოსაზრებით, მსგავსი ნორმები სრულად რომ იყოს დაცული, საამისოდ არსებობს ხელისშემშლელი ფაქტორებიც:
“საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვა რომ მოხდეს, ამაში სადაო და მიუღებელი არაფერია, თუმცა, ყველანი ვთანხმდებით, რომ უპირველესად საჭიროა სალონისა თუ სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულებების შიდა რემონტი, სამუშაო ინვენტარის ოპტიმიზაცია, ძვირადღირებული გამწოვების დაყენება, ანუ ბევრი ფული. ამ დროს კი მსგავს დაწესებულებებში მომხმარებელი “პოსლეზე” შედის”, _ ასეთია საკრებულოს ზოგიერთ წევრთა შენიშვნა ზემოთ ნახსენები საკითხისადმი.