ძალიან მალე, მსოფლიოში, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანთა ყოველკვირეული მაჩვენებელი 100 ათასს მიაღწევს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა.
ორგანიზაციის საბჭოს შეხვედრაზე რაიანმა აღნიშნა, რომ ამჟამად, ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობის 47% ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის რეგიონებზე მოდის. მან ასევე განაცხადა, რომ ევროპაში ახალ შემთხვევათა და გარდაცვალებათა მაჩვენებელი სტაბილურია, თუმცა მაღალ ნიშნულზე რჩება.
„ამჟამად ჩვენი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დინამიკური, ცვალებადია, რასაც უფრო ართულებს ახალი შტამების გავრცელება”, – განუცხადა მან საბჭოს.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 95 მილიონს გადააჭარბა. ვირუსს უკვე 2 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.