ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ახალი ვარიანტის ომიკრონის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ ინფორმაციას nbcnews ავრცელებს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ინფიცირების შემთხვევები უკვე ბევრ ქვეყანაშია დაფიქსირებული და ომიკრონი წარმოადგენს გლობალურად გავრცელების მაღალ რისკს.
ინფიცირების შემთხვევების მატების საპასუხოდ კი ქვეყნების ნაწილი საზღვრებზე გადაადგილებას ამკაცრებს.
“ომიკრონის გაჩენა კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ჩვენგანს შეიძლება ჰგონია, რომ დავასრულეთ Covid-19, სინამდვილეში არ დასრულებულა,” – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დაუყონებლივ გაკეთება აუცილებელია. ჯანმო-ში ამბობენ იმასაც, რომ ომიკრონს მრავალგვარი მუტაცია შეუძლია, რაც პანდემიის ფონზე კიდევ უფრო მძიმე შედეგებს გამოიწვევს.
მიუხედავად გლობალური განგაშისა, ჯერ კიდევ გაურკვეველია არის თუ არა ომიკრონი უფრო საშიში, ვიდრე ვირუსის სხვა ვერსიები, რომელმაც მსოფლიოში 5 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.