კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებული პროგრესი პოზიტიურია, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ საზოგადოებაში გაჩნდა აღქმა, თითქოს პანდემია დასასრულს მიუახლოვდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანო გებრეისუსმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას theguardian ავრცელებს.
მისივე თქმით, პანდემიას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი.
,,ვაქცინის შექმნის კუთხით პროგრესი გვამხნევებს და ახლა უკვე ვხედავთ გვირაბის ბოლოს შუქს. თუმცა, ჯანმო შეშფოთებულია მსოფლიოში გავრცელებული მოსაზრებით, რომ კორონავირუსის პანდემია დასრულდა.
ვიცით, მძიმე წელია და ხალხი დაიღალა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ბევრ ქვეყანაში covid 19-ის ვირუსის ძალიან მაღალი გადაცემა ხდება, რაც უზარმაზარ ზეწოლა ახდენს საავადმყოფოებზე, რეანიმაციულ განყოფილებებსა და ჯანდაცვის მუშაკებზე“ – განაცხადა ტედროს ადჰანო გებრეისუსმა.
გებრეისუსმა, ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობამ საინტარული ნორმების დაცვა უნდა განაგრძოს
,,ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ მკაცრი ზომების გატარებით გადაცემის გაკონტროლება შეძლო. შეზღუდვების გაუქმების შემდეგ საჭიროა, რომ მოსახლეობამ სანიტარული ნორმების დაცვა განაგრძოს“, – განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმაც გააკეთა. მისი თქმით კორონავირუსის ვაქცინა ვირუსისგან სამუდამო დაცვას არ უზრუნველყოფს.
,,ვეცნობით ახალ მონაცემებს იმის თაობაზე, რომ ვირუსისგან დაცვა მთელი ცხოვრების განმავლობაში არ გაგრძელდება და ამიტომ ხელახალი ინფირირების შეიძლება მოხდეს. ვაქცინა ნულოვან covid-ს არ უდრის“. – განაცხადა მაიკ რაიანმა.
ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა რამდენიმე დღის წინ კომპანია ,,Pfizer”- ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა. აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია კი ორი ვაქცინის დამტკიცების პოცესშია. რამდენიმე ქვეყანამ საკუთარი მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყების გეგმა უკვე წარადგინა.































































