საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ ხელმოწერილი დადგენილების თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო შეიქმნა.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიზანია სამომავლოდ ქვეყანაში უნივერსალური ხელმისაწვდომობის პროგრამის აღსრულების გამართული მექანიზმი არსებობდეს.
გაბუნიამ განმარტა, რომ ამ დროისთვის რეორგანიზაცია მიმდინარეობს და ის კადრი, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოში ჯანდაცვის პროგრამებს უძღვებოდა გადმოვა ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში.
„ჯანდაცვის პროგრამების დანერგვას და მართვას სჭირდება სპეციფიკური ექსპერტიზა და სჭირდება განსაკუთრებული პოლიტიკური და ტექნიკური მხარდაჭერა, ამდენად ჩაითვალა საჭიროდ ჯანდაცვის პროგრამების განმახორციელებელ ერთეულს ჰქონოდა მეტი ავტონომია და უშუალო დაქვემდებარება სამინისტროს ხელმძღვანელობასთან. ამ მომენტში მიმდინარეობს შიდა რეორგანიზაცია და ის კადრი, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოში ჯანდაცვის პროგრამებს უძღვებოდა გადმოვა ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში. გამოცხადდება კონკურსი და მოხდება კადრების დაკომპლექტება.
ამ ეტაპზე გვაქვს შიდა გადანაცვლების ეტაპი.
ამდენად ეს სსიპი არის პირველი ჩანასახი, რომ სამომავლოდ გვქონდეს გამართული მექანიზმი უნივერსალური ხელმისაწვდომობის პროგრამის აღსრულების“,_ განაცხადა გაბუნიამ.