ბატონი თემურ ჯაფარიძე ცნობილი სპორტული კომენტატორია. საწყენია რომ ბოლო პერიოდში მის ხმას იშვიათად ვისმენთ. იყო დრო როდესაც ამ პროფესიაში პირველ ნაბიჯებს დგამდა. ერთ ჩვეულებრივ თბილისურ დღეს ბატონ თემურს ცხოვრებამ მძიმე განსაცდელი მოუმზადა.
თემურ ჯაფარიძე:
„გასული საუკუნის 70-იან წლებში თბილისში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ტარდებოდა მძლეოსნობაში. სტადიონზე შეჯიბრების დაწყებამდე ერთი საათით ადრე მივედი. წყნარად ვიყავი, რადგან ვიცოდი რომ რეპორტაჟი ბატონ კოტე მახარაძეს უნდა წაეყვანა.
ნახევარი საათია დარჩენილი და საქართველოს ტელევიზიის წარმომადგენლები დამადგნენ. თურმე კოტე მახარაძე არ მოსულა და რეპორტაჟის წაყვანა მე დამავალეს. ფეხბურთის მატჩი კი გადამიცია, მაგრამ მძლეოსნობასთან ამ კუთხით შეხება არასდროს მქონია. ჯერ კატეგორიულად ვიუარე, მაგრამ მაგის დროა?!
სასწრაფოდ დავიწყე საქმეში გარკვევა. გავიგე, რომ მოსკოვისთვის თბილისიდან რეპორტაჟს ცნობილი კომენტატორი ალექსეი კურაშოვი გადასცემდა.
– იმ შემთხვევაში შეიძლება შევძლო, თუ კურაშოვის ხმას მომაწოდებთ ყურთსასმენით, – წამოვაყენე ულტიმატუმი.
რუსული კარგად ვიცოდი და თარგმნით გადაცემას წინ რაღა უნდა დადგომოდა. შევედი ჯიხურში, კურაშოვის ჯიხურთან ჩემსას მინის კედელი აკავშირებს.
დაიწყო კურაშოვმა რუსულად. ავყევი მეც ქართულად. მამხნევებენ „ჩვენები“ მაღლა შემართული ცერა თითით. ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, მაგრამ ისე სადაა, შენ რომ გინდა? კურიოზი თურმე მაშინ მწიფდება. თხუთმეტი… მხოლოდ თხუთმეტი წუთი რჩება და… რას ვხედავ. კურაშოვმა „ნაუშნიკები“
მოიხსნა და ხმაც შეწყდა ჩემს ნაუშნიკში. თურმე რუსი კოლეგა მოსკოვისთვის გადაცემას მორჩა. ახლა მართლაც რაღა ვქნა?!
გავხედე კურაშოვს. შემამჩნია. გულმა გული იცნო, იმარჯვა პროფესიონალურმა ალღომ. რუსმა შემხედა, მიხვდა, რა დღეშიც „ჩამაგდო“ და ჩემდა გასახარად სასწრაფოდ განაგრძო რეპორტაჟი, ოღონდ არა მოსკოვისთვის, არამედ, როგორც მიხვდით-ჩემთვის.
გადაცემის შემდეგ კურაშოვი მომიახლოვდა, ხელი ჩამომართვა და კოტე მახარაძესთან მოკითხვა დამაბარა. თავად ბატონი კოტე რამდენიმე დღეში ვნახე. თავდაპირველად წაყვანილი „რეპორტაჟისთვის“ შემაქო, შემდეგ კი მოულოდნელად ცივი შხაპი გადამასხა.
– ჩემო თემურ, ჩემთან ვალში ხარ, რომ იცოდე. კურაშოვმა შენი წილი ჰონორარი მომთხოვა, მე მიმყავდა გადაცემა, ეგ რა შუაშიაო და მივეცი ჯიბიდან, აბა რა მექნა?! ისე, კომენტატორობა კომენტატორობად – განაგრძო კოტე მახარაძემ, მაგრამ რუსული უფრო კარგი გცოდნია… კომენტატორობას კი ისწავლი ნელ-ნელა…“