“ქართული ოცნება” მოქალაქეებს სოციალურ ქსელში პარტიისა და მისი წევრების მისამართით გამოხატული კრიტიკული გამონათქვამებისთვის უჩივის.
6 ივნისს, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე განაცხადა:
“უცხოეთიდან დაფინანსებული ექსტრემისტები არ ერიდებიან უშვერი სიტყვებით ლანძღვას, მუქარას, ბულინგს, ოჯახის წევრებისა და ახლობლების შეურაცხყოფას, რამაც იმდენად მასშტაბური და სისტემური ხასიათი მიიღო, რომ ტერორზე რეაგირება არა მხოლოდ ჩვენი უფლება, არამედ ვალდებულებაა.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2025 წლის თებერვლიდან ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო–პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა–გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების გახორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად.
შესაბამისად, ფრაქცია “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, ჩვენი ფრაქციის წევრთა წინააღმდეგ, გარედან დაფინანსებული სიძულვილის ენის კამპანიის პასუხად, ვიწყებთ სამართლებრივ დავას და შემდგომი რეაგირებისთვის საჩივრით მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა მომავალში ვერავინ შეძლოს საჯარო სივრცეში დესტრუქციული, უკიდურეს შეურაცხყოფაზე დამყარებული, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ მიმართული ზიზღის ენის პროპაგანდირება და ტერორის გავრცელება“, _ განაცხადა კირცხალიამ.
“ოცნების” დეპუტატმა დასძინა, რომ ეს გადაწყვეტილება არამხოლოდ საჯარო სივრცეებში მომხდარ ინციდენტებს, არამედ სოციალურ ქსელებში პარტიის კრიტიკის შემცველ განცხადებების ავტორებსაც შეეხებათ. კირცხალიამ ჟურნალისტებს არ უპასუხა კითხვაზე, თუ რამდენ პიროვნებას უჩივიან:
“ეს საჩივარი, რომელიც დღეს შევა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ეხება სოციალურ ქსელში იმ უბინძურეს გამონათქვამებს, რომლებიც მიმართულია პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ. თითოეული ადრესატი საჩივარშია გაწერილი. როგორც კი მიუვათ უწყებები, ისინი თვითონ გამოგეხმაურებიან მედიას“, _ თქვა 6 ივნისს კირცხალიამ.
აღნიშნული საკითხის შეფასება გურიაში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრებს ვთხოვეთ.
“მოქალაქეების სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო დაჯარიმება, მხოლოდ ერთ რამეზე მიანიშნებს _ საქართველოში პოლიტიკური სივრცე სულ უფრო ავტორიტარული ტონალობისკენ იხრება“, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, კოალიცია “ცვლილებებისთვის” წარმომადგენელი ბაჩო ახალაძე.
მისი თქმით, “ეს პრაქტიკა არათუ კანონიერების განმტკიცებას, არამედ სწორედ მის დევალვაციას ემსახურება. როცა ხელისუფლება ციფრულ სივრცეშიც ცდილობს კრიტიკული აზრის გაკონტროლებას, ამას ვეღარ ვუწოდებთ სამართლებრივ მიდგომას _ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული იარაღი, რომელიც სახელმწიფო აპარატს ოპოზიციური აზრის ჩასახშობად სჭირდება“.
“დაჯარიმების მექანიზმი იქცევა შერჩევითი დევნის ინსტრუმენტად: ის არ გამოიყენება რეალური საფრთხის აღსაკვეთად, არამედ, პოლიტიკურად არასასურველი ჯგუფების ან აქტივისტების გასაჩუმებლად. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტი, რომელიც კრიტიკულად ან ირონიულად შეეხება მმართველი გუნდის პოლიტიკას, დღეს უკვე შეიძლება აღქმული იყოს “დასჯად ქმედებად“.
ეს კი ნიშნავს იმას, რომ იკვეთება საზოგადოების შიშით მართვის ახალი ეტაპი, სადაც ტრადიციული რეპრესიები გადადის ციფრულ სივრცეში _ იქ, სადაც ადამიანებს ეგონათ, რომ იყვნენ თავისუფლები.
გარდა შიდა ეფექტისა, ასეთი ტენდენცია სერიოზულ ზიანს აყენებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსაც. საქართველოს მოქალაქეები იმედით უყურებენ ევროპულ მომავალს, მაშინ როცა ევროკავშირის ღირებულებები სრულიად შეუთავსებელია ცენზურასა და რეპრესიებზე დაფუძნებულ მმართველობასთან.
ფეისბუქპოსტების გამო დაჯარიმება დღეს უკვე აღარ არის მხოლოდ სამართლებრივი ქმედება _ ეს არის მორიგი პოლიტიკური შეტევა თავისუფალ აზრზე, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლებისთვის კრიტიკა არა კონსტრუქციული ინტერაქციაა, არამედ სამიზნე“, _ გვეუბნება ბაჩო ახალაძე.
“წარმოუდგენელი რაღაცაა. მე, პირადად, ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა წავიდეს იმ გზით, სადაც იქნება ნამდვილი დემოკრატია, დაცული იქნება ადამიანის უფლებები და სამართლიანობა იზეიმებს. ყოველ შემთხვევაში, ყველას სურვილი მაშინ, როცა რუსულ იმპერიას ვებრძოდით, ეს იყო. ყველა ვოცნებობდით, აგვეშენებინა ისეთი ქვეყანა, რომლის ღირსიც ვიყავით. მაგრამ აღმოჩნდა, რომ 30 წელზე მეტი გავანიავეთ და მივედით იქამდე, საიდანაც თავის დროზე გამოვიქეცით.
როგორ შეიძლება ადამიანის დასჯა ფეისბუქპოსტის გამო?! ეს ყველაფერი არის თავისუფლების შეზღუდვა და იმის მექანიზმი, რომ წავიდეთ ჩრდილო კორეულ ორბიტაზე. ნამდვილად არ მეგონა, აქამდე თუ მივიდოდით, მაგრამ, სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ” რა თქმა უნდა, მოსახლეობის დუმილის ფონზე, მოახერხა ის, რომ ახალ კანონპროექტსაც კი ამზადებს, რომ სიტყვის თქმა მარტო ფეისბუქპოსტებით კი არა, ყველა პლატფორმაზე შეუძლებელი იქნება. ახალი კანონპროექტი შემოდის, სადაც მასმედიასაც კი ისეთი პრობლემები ექმნება, რიგითი ადამიანის ფეისბუქპოსტი რა მოსატანია. ბიძინა ივანიშვილი და მისი ბანდა ყველაფერს აკეთებს რომ დასავლურ ორბიტას მოგვწყვიტოს. უფრო სწორად, სხვა გზა არ აქვთ ამ ადამიანებს რომ ვაბანკზე წავიდნენ და საკუთარი ინტერესები ძალისმიერი მეთოდებით გაატარონ“, _ გვითხრა პარტია “ლელოს” ლანჩხუთელმა ლიდერმა გოჩა ჯანაშიამ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ჩოხატაური საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გოგი ბოლქვაძე ამბობს, რომ “ამ საკითხს რამდენიმე კუთხით შეიძლება შევხედოთ როგორც იურიდიული, ასევე დემოკრატიული ღირებულებების თვალსაზრისით და შესაძლოა შევაფასოთ მისი დადებითი და ურყოფითი მხარეები, რა თქმა უნდა, ნორმალურ ქვეყნის მაგალითზე, სადაც ადამიანებს არ დევნიან”:
“დადებითი მხარეები
- საზოგადოებრივი ეთიკის დაცვა _ სახელმწიფო შეიძლება ცდილობდეს ინტერნეტ სივრცეში კულტურის ამაღლებას და ბულინგის, სიძულვილის ენისა და უწმაწურობის შემცირებას.
- სოციალური პასუხისმგებლობის დანერგვა _ კანონის მიზანი უნდა იყოს ის, რომ ადამიანები ფეისბუქზეც ისეთივე პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ნათქვამს, როგორც რეალურ ცხოვრებაში.
უარყოფითი მხარეები
- სიტყვის თავისუფლების საფრთხე _ ასეთი კანონი” შესაძლოა გამოყენებულ იქნას ოპონენტების გასაჩუმებლად, კრიტიკული გამოხტომების ჩასახშობად, სიტყვის თავისუფლება კი დემოკრატიის ფუნდამენტია.
რას ნიშნავს “უწმაწური” კომენტარი? თუ ეს არ არის მკაფიოდ განსაზღვრული, ყოველთვის არსებობს ხელისუფლების მხრიდან სუბიექტური ინტერპრეტაციისა და ბოროტად გამოყენების რისკი.
თუ კანონი ძალიან მკაცრად იქნება გამოყენებული, შესაძლოა მომხმარებლები შეიზღუდონ საკუთარი აზრის გამოხატვაში, თუნდაც, კრიტიკულად, მაგრამ არგუმენტირებულად.
ნორმალურ სახელმწიფოში როცა კანონის მიზანი საზოგადოებრივი დისკურსის გაუმჯობესებაა და მას თან ახლავს მკაფიო, გამჭვირვალე კრიტერიუმები, დაცულია სიტყვის თავისუფლება, მაშინ ეს შეიძლება მიიჩნეოდეს პროგრესულად.
მაგრამ თუ ეს იქცევა კრიტიკის ჩახშობის იარაღად, მაშინ ეს ნაბიჯი სერიოზულ პრობლემებს შექმნის დემოკრატიის ჩამოყალიბებაში , _ ამბობს გოგი ბოლქვაძე.
არასამთავრობო უფლებადაცვითი ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ 13 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტებისთვის საქმის წარმოების თვეების შემდეგ დაწყება ნათლად აჩვენებს, რომ “ქართული ოცნების” რეალური მიზანი არა კანონდარღვევაზე რეაგირება და საზოგადოებრივი ინტერესების, ან სახელმწიფო უწყებების ავტორიტეტის დაცვა, არამედ კრიტიკულად განწყობილი პირების დევნა და საზოგადოებაში საინფორმაციო და ციფრული სივრცის მასობრივი კონტროლის აღქმის შექმნაა:
“12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოსების შეურაცხყოფის საფუძვლით დაწყებული 18 პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილა. სასამართლოში დაბარებულ პირთა შორის არიან 6 ჟურნალისტი, ოპოზიციური პარტიების 5 წარმომადგენელი და 7 აქტივისტი/სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი. მათგან უმეტესობას სასამართლო პროცესის შესახებ წინა საღამოს, არასამუშაო საათებში, აცნობეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტივისტებს, პოლიტიკოსებსა და მედიის წარმომადგენლებს “ქართული ოცნების” დეპუტატების _ მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის, ლაშა ტალახაძისა და თეა წულუკიანის მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტებისა და კომენტარების დაწერას ედავება. ზოგიერთი საქმეზე სამართალწარმოება სოციალურ ქსელში თვეების წინ დაწერილი პოსტის გამო დაიწყო. მაგალითად, ჟურნალისტ დეა მამისეიშვილს შსს 25 თებერვლის პოსტით მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფას ედავება.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სამართალდარღვევის ჩადენის მთავარ მტკიცებულებას შსს–ის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული სამმართველოს დეტექტივების მიერ შედგენილი მოქალაქეების სოციალური ქსელების დათვალიერების ოქმები წარმოადგენს. სოციალური ქსელებში მოქალაქეების აქტივობის, მათ შორის, თვეების წინ დაწერილი პოსტებისა და კომენტარების, მონიტორინგი ტოტალური კონტროლისა და კრიტიკული მოსაზრებების მიმართ ცენზურის დაწესების ისახავს მიზნად.
ხაზგასასმელია, რომ სასამართლო პროცესებს არ ესწრებოდნენ “ქართული ოცნების” ის დეპუტატები, რომელთა “შეურაცხყოფის” საფუძველზე დაიწყო მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოება.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მოსამართლე, ლელა მილდენბერგერმა არ დააკმაყოფილა ადვოკატის (თავად ალეკო ელისაშვილი მოსამართლემ სხდომიდან გააძევა) შუამდგომლობა სხდომაზე ლაშა ტალახაძის მოწმედ გამოკითხვის შესახებ იმ საფუძვლით, რომ ამის დრო არ იყო. ამგვარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი დაუსაბუთებელია, რამდენადაც დეპუტატის განსახილველ საქმესთან შემხებლობა აშკარაა და, ამდენად, სწორედ მას უნდა განემარტა, რატომ მიიჩნია ან მიიჩნია თუ არა პასუხისგებაში მიცემული პირის გამოხატვა შეურაცხმყოფელად.
სოციალურ ქსელებში განთავსებული პოსტების კონტროლი და “პოლიტიკოსის შეურაცხყოფის” საქმეებზე სამართალწარმოების დაწყება “ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დაახლოებით ერთი კვირის წინ დაანონსეს. ფრაქციის დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ 6 ივნისის ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ საჯარო სივრცეებში მომხდარ ინციდენტებს, არამედ სოციალურ ქსელებში პარტიის კრიტიკის შემცველი განცხადებების ავტორებსაც შეეხებათ.12 ივნისს კი, აქტივისტების სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე, “ქართული ოცნების დეპუტატმა” ნინო წილოსანმა განმარტა, რომ ეს პროცესი უნდა იყოს სამაგალითო, ჯარიმა მიაჩვევს ყველას, რომ ზრდილობა და კულტურა ჰქონდეს. წილოსანის თქმით, არავის არ დაიჭერენ, რადგან ამ ქმედებისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ჯარიმა.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სახელმწიფო–პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად 2025 წლის თებერვლის რეპრესიული საკონონმდებლო ცვლილებებებით იქცა. ამ ქმედებისთვის არაპროპროპორციულად მაღალი სანქციაა (1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა) განსაზღვრული. ეს მუხლი, ისევე როგორც თებერვალში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების მთელი პაკეტი, კრიტიკულად შეაფასა არა ერთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, მათ შორის, ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა, მიმდინარე წლის მარტში.
გარდა იმისა, რომ თანამდებობის პირის შეურაცხყოფის მუხლი არაკონსტიტუციურია, აქვს განჭვრეტადობის პრობლემები და არაპროპორციულად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, განსაკუთრებულად შემაშფოთებელია მისი მოქმედების ციფრულ სივრცეზე გავრცელება. თანამედროვე სამყაროში სოციალური მედია პოლიტიკური აქტივიზმისა და საპროტესტო მოძრაობის ორგანიზების მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა.
სოციალურ ქსელში პოლიტიკური გამოხატვისთვის მოქალაქეების დასჯა მასობრივი და ავტომატური კონტროლის განცდას აჩენს და მსუსხავი ეფექტი აქვს გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზებაზე.
პოლიტიკოსის (და მით უფრო, სოციალურ ქსელში) მისამართით კრიტიკული, თუნდაც შეურაცხმყოფელი გამოხატვისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Özlü v. Türkiye თურქეთის ხელისუფლების მიერ სოციალური მედიის საშუალებით გამოხატვის თავისუფლების უფლების დარღვევა დაადგინა, რადგან ჟურნალისტის მიერ პლატფორმა – Twitter-ზე (ახლანდელ X-ზე) გამოქვეყნებული მკვეთრად კრიტიკული პოსტები, მიუხედავად სიმწვავისა, არ შეფასდა ძალადობის წამახალისებელ მოწოდებად ან სიძულვილის ენის გამოვლინებად. სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები მიემართებოდა სახელმწიფო ორგანოების თანამდებობის პირებს – ოფიციალურ წარმომადგენლებს, ხოლო პოსტების შინაარსი უკავშირდებოდა პოლიტიკურ და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელზეც არსებობდა მაღალი საჯარო ინტერესი.
სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტებისთვის საქმის წარმოების თვეების შემდეგ დაწყება ნათლად აჩვენებს, რომ “ქართული ოცნების” რეალური მიზანი არა კანონდარღვევაზე რეაგირება და საზოგადოებრივი ინტერესების, ან სახელმწიფო უწყებების ავტორიტეტის დაცვა, არამედ კრიტიკულად განწყობილი პირების დევნა და საზოგადოებაში საინფორმაციო და ციფრული სივრცის მასობრივი კონტროლის აღქმის შექმნაა“, _ აცხადებს “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელში ბოლო დროს გააქტიურებული “ზიზღის ენა” გარედან მართულია, რომელიც, მათივე თქმით, აუცილებლად უნდა დასრულდეს.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ამ საკითხზე ვრცლად ჟურნალისტებთან ისაუბრა:
“ამ ადამიანებს სიძულვილისთვის გარედან მართულად, დაფინანსებით, ხელშეწყობითა და ტაშის დაკვრით იყენებენ, რათა ეს სიძულვილის კამპანია გაგრძელდეს.
ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ზიზღის ენა, რომელიც გარედან, უცხოეთიდან არის შემოტანილი და იმპორტირებულია, შეჩერდეს. მეორე მხრივ, ეს ადამიანები, ვის წინააღმდეგაც საჩივრებია, მხოლოდ ინსტრუმენტები და შემსრულებლები არიან. სინამდვილეში, ეს არის ერთიანი კამპანია, რომელიც გარედან არის დაფინანსებული და შემოტანილი. ამიტომ მოპასუხეები არ არიან ეს ინსტრუმენტები, რომლებიც სოციალურ ქსელში წერენ“, _ თქვა პაპუაშვილმა.
დეპუტატი ნინო წილოსანი ამბობს, რომ სასამართლოში დაბარებულ ადამიანებს უფლება აქვთ, იფიქრონ ისე, როგორც ფიქრობენ, მაგრამ ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს კორექტული და კრიტიკის ფორმა და არა შეურაცხყოფის:
“მგონია, რომ ეს იყო სამაგალითო იმისთვის, რომ სხვისი შეურაცხყოფა, ცილისწამებები, ბრალდებები და მათ შორის, ასეთი ზიზღის კამპანია, რომლისთვისაც ისინი დაფინანსებული არიან, მიუღებელია…არავის არ დაიჭერენ _ ამისთვის არის ადმინისტრაციული ჯარიმა.
ჩემზე წარმოდგენა სასამართლოში დაბარებულ ადამიანებს არ უნდა შეეცვალოთ. რა თქმა უნდა, მათ აქვთ უფლება იფიქრონ ისე, როგორც ფიქრობენ, მაგრამ ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს კორექტული და კრიტიკის ფორმა და არა შეურაცხყოფის…
როდესაც ადამიანის შეურაცხყოფას და ზიზღის გენერირებას ახდენ, აუცილებლად უნდა იცოდე რა კანონი მოქმედებს არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც. თქვენ რომ ცოტა მაინც დაიხარჯოთ ამ სიუჟეტის მომზადებისას და ელემენტარულად ნახოთ სხვა ქვეყნების მაგალითი _ მაგალითად როგორ დაასანქცირეს 12 000 ევროთი საფრანგეთში ქალი, რომელმაც მაკრონს ნაგავი უწოდა…
თქვენც შეგიძლიათ საჩივრის დაწერა ვისაც აღნიშნული მუხლი აქვს დარღვეული ყველას შეგიძლიათ უჩივლოთ. მე ხომ თქვენს ნაცვლად ვერ ვუჩივლებ?” _ თქვა წილოსანმა.
ცნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შესული ცვლილებით, საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.


































































