კასპში მომხდარი უმძიმესი ფემიციდის საქმის განხილვა გორის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს და მოსამართლე მალე გამოუტანს ვერდიქტს შემზარავი მკვლელობაში ბრალდებულ ზურაბ ბურდულს. ალბათ საზოგადოებას კარგად ახსოვს მიმდინარე წელს კასპში, მირიანის დასახლებაში მომხდარი შემზარავი სისასტიკე.
- იმ საბედისწერო დღეს ზურაბ ბურდულმა ყოფილ ცოლს, თათია ლომინაძეს, ჯერ დანით მიაყენა ჭრილობა გულმკერდის არეში, შემდეგ სახეზე მჟავა შეასხა, ამასაც არ დასჯერდა, ბოლოს აალებული ბოთლი ესროლა და ცეცხლი წაუკიდა.
მეზობლებმა ცეცხლი ჩააქრეს, თუმცა ქალმა უმძიმესი დამწვრობა მიიღო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში ებრძოდა სიკვდილს. სამწუხაროდ ახალგაზრდა გოგოს მდგომარეობა უმძიმესი იყო. მას სხეულის 40-45% დამწვარი ჰქონდა, ამას ემატებოდა სასუნთქი გზების დაზიანება. ასევე გულმკერდის არეში ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობა და სამწუხაროდ, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
დამნაშავე ზურაბ ბურდული სამართალდამცველებმა იმავე დღეს დააკავეს. როგორც მაშინ ითქვა, თურმე ის იმავე ქუჩაზე, მიტოვებულ შენობაში იმალებოდა. მისთვის წაყენებული ბრალი 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც ცნობილია, თათია ლომინაძე მეუღლეს 4 წლის წინ დაშორდა, თუმცა ყოფილი ქმარი ზურაბ ბურდული ხშირად მიდიოდა მასთან სახლში, ხვდებოდა ქუჩაში და აწიოკებდა. თათიას ყველა დადებითად ახასიათებს. ახალგაზრდა ქალი კასპის მთავარ ბიბლიოთეკაში მუშაობდა. ყველამ იცოდა, რომ მისი ყოფილი ქმარი ნარკომანი და მოთამაშე იყო. მათ 8 წლის შვილი ჰყავთ. მოძალადე მამაკაცს შემაკავებელი ორდერიც არაერთხელ ჰქონია გამოწერილი. ამის მიუხედავად, ყოფილ მეუღლეს ხშირად ემუქრებოდა და იმ საბედისწერო დღეს მუქარა აასრულა კიდეც.
როგორც თათია ლომინაძის ოჯახის ახლობელი ჩვენთან საუბარში ამბობს, ზურაბ ბურდულმა თურმე სასამართლო პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენა და მეორე სასამართლო პროცესს საერთოდ არც დაესწრო. მოკლული ქალის ოჯახი ახლა დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს – სამუდამო პატიმრობა ზურაბ ბურდულს, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.
“ზურაბ ბურდული, რომელმაც ყოფილი ცოლი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა, მეორე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, ხოლო პირველზე დუმილის უფლებით ისარგებლა. ეს ქცევა ვერ იქნება გამართლებულად შეფასებული. სასამართლოს წინაშე დგომა არის ვალდებულება, ხოლო დუმილი — პასუხისმგებლობისგან თავის არიდების ფორმა. ასეთ საქმეებში მტკიცებულებები საუბრობენ და საზოგადოება ელოდება მხოლოდ ერთს, ის უმკაცრესად და სამართლიანად დაისაჯოს. სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს ზურაბ ბურდულს, აქ სხვა განაჩენი არ უნდა დადგეს. ყველანი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოვითხოვთ” – ამბობს ნათესავი და მათი ურთიერთობის დეტალებს გვიამბობს:
“თათია ზურამ მოიტაცა, არც კი იცნობდა ნორმალურად მას. როგორც ვიცი, ტაძარში დაინახა, იქ გაიცნო და რომ სცადა მასთან ურთიერთობის დაწყება, თათიას უთქვამს თავი დამანებეო. ძალიან დიდი ტკივილი ჰქონდა თათიას და მის ოჯახს გადატანილი, 12 წლის ბავშვი იყო, როცა თათიამ დაკარგა ტყუპი დები და მამა. მოხდა უმძიმესი ავარია და ავარიას შეეწირა თათიას მამა და მისი ტყუპი დები. ბუნებრივია ამ საშინელი ტრაგედიის შემდეგ თათია და დედამისი ერთმანეთზე მიჯაჭვულები იყვნენ, ერთად გადაჰქონდათ ტკივილი.
იმდენად გაჭირვებით გაზარდა მარტოდარჩენილმა დედამ თათია ვერ წარმოიდგენთ. ასწავლა, გზაზე დააყენა. მეუღლის და შვილების დაღუპვით გაუბედურებული ქალი ცოცხლობდა თათიასთვის. მოულოდნელად თათია მოიტაცა ზურაბ ბურდულმა. ისე წაიყვანა, რომ გოგომ საერთოდ არც იცოდა მასზე არაფერი. გაირკვა, რომ ის იყო ნარკომანი, გაუბედურებული ადამიანი. გამწარებული ჰყავდა ხალხი, ზოგს ფულს სძალავდა, ზოგს მანქანა დაუწვა, სხვადასხვა გზით ფულს მოიპოვებდა და ნარკოტიკს ყიდულობდა. მერე თათიასთან მიდიოდა ის ხალხი და მისგან ითხოვდნენ თანხებს. ხან პოლიცია დაადგებოდა თავზე და ეტყოდა თქვენი მეუღლე წამალზე ავიყვანეთ და სახლი უნდა გავჩხრიკოთო.
მოკლედ ასეთ უმძიმეს ვითარებაში უწევდა ცხოვრება. მათ ჰყავთ 8 წლის შვილი, რადგან ვერა და ვერ გამოსწორდა ზურაბ ბურდული, უკვე ბავშვიც წამოიზარდა, ისიც ამ ყველაფერს ხედავდა, თათიას შვილისთვის რომ აერიდებინა ნერვიულობა, გადაწყვიტა მას დაშორებოდა და წამოვიდა მისგან. იმიტომ წამოვიდა, რომ ბავშვს ეს ყველაფერი აღარ დაენახა და ბავშვზე ტრავმა არ ასახულიყო მომავალში. თათიას საერთოდ არ უყვარდა ზურა, სულ ამბობდა ვერ ვიცხოვრებ, ასე ვერ წარმომედგინა ჩემი თავი, რომ ვიღაცას ჩემმა ქმარმა ფული გამოსძალოს და მერე მე მომადგეს ის ადამიანიო. ის არაკაცი თვითონ ვენებში უშვებდა ყველაფერს. დაიღალა თათია და წამოვიდა. ის მაინც არ ანებებდა თავს. ემუქრებოდა, განაცხადა პოლიციაშიც რომ ემუქრებოდა, ანახა, მოწერილები, მერე გამოუწერეს შემაკავებელი ორდერი და იმ ორდერს რომ გაუვიდა ვადა, მერე ჩაიდინა ეს შემზარავი დანაშაული. გოგო დაწვა, თან როგორ დაწვა და როგორ აწამა. ვერ წარმოგიდგენიათ, მე თათია რომ ვნახე თვალებიდან არ ამომდის.





























































