“მაგ დალოცვილებს, ჯერ კანალიზაცია გაეკეთებინათ და მერე დაეგოთ გზა“, _ ამბობენ ლანჩხუთში, თბილისის ქუჩაზე არსებული მდგომარეობით შეწუხებული მოქალაქეები.
საქმე ისაა, რომ დიდი ხანი არაა გასული, რაც თბილისის ქუჩაზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო, თუმცა ახლა იქაურობა ისევ გადათხრილია და შესაბამისად მოძრაობაც ნაწილობრივ შეფერხებული. ირკვევა, რომ ახლად რეაბილიტირებულ გზაზე ახლა საკანალიზაციო ჭების მოწესრიგება მიმდინარეობს და საამისოდ რამდენიმე ადგილზე ასფალტის ფენა ამოჭრეს.
საზოგადოების ერთი ნაწილისთვის ეს შესაბამისი უწყებების არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს, ნაწილი კი შექმნილ დისკომფორტს უჩივის.
“უახლოეს პერიოდში დასრულდება და დაუბრუნდება პირვანდელი სახე. სამუშაოები გათვალისწინებული იყო პროექტში და დამატებით ხარჯებს არ მოითხოვს. მოსახლეობას ბოდიშს ვუხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, _ ასეთ განმარტებას აკეთებს მერიის პიარი, მაკა სულაბერიძე ფაქტით უკმაყოფილო მოსახლეობის პასუხად.
“პროექტში ჯერ ასფალტირება წერია და შემდეგ საკანალიზაციო ჭების მოწესრიგება??” _ მერიის პიარის მხრიდან გაკეთებული განმარტება კითხვას უჩენს საკრებულოს ყოფილ წევრს, ექიმ ნონა მურვანიძეს და არამარტო მას.
ავტორი