ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფეხბურთო კლუბ “გურიას” გულშემატკივართა საინიციატივო ჯგუფის ერთობლივი განცხადება შევიდა, რომლითაც ისინი რიგგარეშე სხდომის მოწვევას და “გურიას” სპონსორთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას ითხოვენ.
“გამგეობა დიდი ხანია, აწარმოებს მოლაპარაკებებს ლანჩხუთელებისთვის კარგად ცნობილ და საფეხბურთო წრეებში მიღებულ ლანჩხუთის “გურიას” ვეტერან ფეხბურთელთან მერაბ ჟორდანიასთან, რომელმაც გამოთქვა სურვილი, იჯარით აიღოს გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზა და საფეხბურთო კლუბი, მაგრამ, რატომღაც დღემდე ვერ ხერხდება ამ საკითხის გადაწყვეტა, რაც “გურიას” მრავალრიცხოვანი გულშემატკივრის გაკვირვებასა და აღშფოთებას იწვევს”, _ ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც საინიციატივო ჯგუფმა საკრებულოს თავმჯდომარეს, გოგი ხელაძეს მიმართა.
ამ განცხადების საპასუხოდ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატმა გია გოგუაძემ გააკეთა კომენტარი.
“თავის დროზე, ამ დარბაზში გამგებელმა საკრებულოს წევრ აკაკი იმნაიშვილს მიმართა _ ვინ ხართ თქვენ, ფეხბურთის საკითხები რომ შეგითანხმოთო. ორი წლის წინ, როცა “გურიას” საკითხებზე კომისია შეიქმნა საკრებულოში, მისი დავალებით დაიშალა. სწორედ ურუშაძეს არ უნდა ჟორდანიას მოყვანა. საკრებულოს პრეროგატივა არაა საინიციატივო ჯგუფის განცხადება განიხილოს _ ეს გამგეობის გასაკეთებელია. ახლა ნუ უნდათ ხელი ჩვენ შეგვახოცონ”, _ თქვა გოგუაძემ, რომლის საპასუხოდაც გოგი ხელაძემ განმარტა, რომ ანალოგიური შინაარსის წერილით საინიციატივო ჯგუფმა გამგეობასაც მიმართა.