შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს რაიონული სამმართველოს და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული მ.ხ. და 1980 წელს დაბადებული მ.გ. თბილისში დააკავეს.
მ.ხ.-ს ბრალი ქ. თბილისში ი. ჭავჭავაძის ქუჩა N83-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში, ხოლო მ.გ.-ს ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა- ტარებაში ედება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.ხ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1988 წელს დაბადებულ ვ.კ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მ.გ.-მ დანის და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებები 1980 წელს დაბადებულ გ.წ.-ს და 1994 წელს დაბადებულ ი.პ.-ს მიაყენა.
სამართალდამცველებმა, მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღები – დანა და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
მ.ხ.-ს მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
მ.გ.-ს მიმართ კი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა – შენახვა- ტარებას გულისხმობს.