,,უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინას ჰქონდეს იარაღი შეჭრილი რუსული ძალებისგან თავდასაცავად“ – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, უკრაინელ ლტოლვილებს ხელგაშლილი დახვდებიან.
“უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინას ჰქონდეს იარაღი შეჭრილი რუსული ძალებისგან თავდასაცავად. გავგზავნით ფულს, საჭმელსა და დახმარებას უკრაინელთა სიცოცხლის გადასარჩენად. უკრაინელ ლტოლვილებს გაშლილი ხელებით დავხვდებით” – წერს ჯო ბაიდენი.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უარი თქვა პოლონეთისგან მიეღო МиГ-29-ები, რომლებიც შემდეგ უკრაინაში უნდა გაეგზავნათ. პენტაგონმა, აღნიშნული გადაწყვეტილება გაამართლა იმით, რომ უკრაინისთვის “МиГ-29-ების გადაცემის სარგებელი არის დაბალი” და მათი გაგზავნა “არ შეცვლის უკრაინის საჰაერო ძალების ეფექტიანობას”.
ამ გადაწყვეტილებას კი, მოჰყვა ამერიკელი, როგორც რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი სენატორების კრიტიკა. პარასკევს, 11 მარტს ორივე პარტიის სენატორებმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც ითხოვდნენ, რომ უკრაინისთვის გადაეცათ თვითმფრინავები და უპილოტო საფრენი აპარატები.
რადგან რუსეთს საჰაერო უპირატესობა აქვს, გამანადგურებლებს თავად უკრაინა ითხოვდა. ამას გარდა, კიევს სურდა NATO-ს უკრაინის თავზე ცა ჩაეკეტა, რაზეც დასავლეთისგან უარყოფითი პასუხი მიიღეს, რადგან ეს რუსულ საჰაერო ძალებთან პოტენციურ კონფრონტაციას ნიშნავდა. ცის ჩაკეტვის ალტერნატივად უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას მიიჩნევდნენ. უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაწილის რუსეთის თავდასხმის პირველ დღეს განადგურდა.
როგორც The Washington Post-ი წერდა, NATO-ს ქვეყნები უკრაინისთვის რუსული წარმოების С-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გადაცემის შესაძლებლობას განიხილავენ. პარალელურად, ამერიკელი კონგრესმენები ბაიდენის ადმინისტრაციას С-300-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის უკრაინისთვის გადაცემისკენ მოუწოდებდნენ.
ავტორი: მერაბ ცაავა