ლეგენდარული Beatles-ის წევრის, ჯონ ლენონის შვილმა ჯულიანმა უკრაინის მხარდასაჭერად პირველად შეასრულა საჯაროდ მამის სიმღერა „Imagine“. კომპოზიცია მან ჯგუფ Extreme-ის წევრთან, ნუნო ბეტენკურტთან ერთად შეასრულა.
ამის ამსახველი ვიდეორგოლი ჯულიანმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა, რითაც კამპანიას Stand Up for Ukraine შეუერთდა. ვიდეოს ლენონმა უკრაინაში მიმდინარე ომს წარმოუდგენელი ტრაგედია უწოდა.
„ყოველთვის ვამბობდი, რომ Imagine-ს მხოლოდ მსოფლიოს აღსასრულის შემთხვევაში ვიმღერებდი. მაგრამ ახლა ამ სიმღერის ტექსტი მსოფლიოში მშვიდობისკენ ჩვენს კოლექტიურ სწრაფვას ასახავს. იმიტომ, რომ ამ სიმღერას გადავყავართ სივრცეში, სადაც სიყვარული და ერთიანობა, ერთი წამით მაინც, ჩვენი რეალობა ხდება. ეს სიმღერა სინათლეა გვირაბის ბოლოს“, – განაცხადა ლენონმა.