სრულიად სამტრედია, ამ დღეებში, ამქვეყნიდან ნაადრევად წასულ ახალგაზრდა კაცს გლოვობს. რამდენიმე დღიანი ავადმყოფობის შედეგად 50 წლის ასაკში გარდაიცვალა ავთანდილ ბახტაძე, რომელმაც თავისი სიცოცხლის მანძილზე მის მიერ გაღებული ღვაწლით წარუშლელი კვალი დატოვა სამტრედიის უახლოეს ისტორიაში.
თუ ვინ იყო ახალგაზრდა მამაკაცი, ამაზე ,, გურია ნიუსს ” სამტრედიის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის კომპლექსის მშენებლობის ხელმძღვანელი, ჯონი ნადირაძე ესაუბრა: ,,ავთო ბახტაძე, უპირველეს ყოვლისა, იყო საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი; ერთ-ერთი პირველი წევრი იმათგან, რომელიც ეკლესიის წიაღში მივიდა 1990- იანი წლების დასაწყისიდანვე. იმ დღიდან ავთოს ეკლესიასთან კავშირი არ გაუწყვეტია.
ბოლო 25 წლის განმავლობაში მუდმივად მონაწილეობდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესიების მშენებლობა – აღდგენის საქმეში. განსაკუთრებულია მისი წვლილი ქალაქში პირველი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის მშენებლობაში, შემდეგ კი წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის აგებაში. ავთო ბახტაძე 22 წელი ემსახურა საკათედრო ტაძრისა და მის კომპლექსში მდებარე მშენებლობებს.
იყო გამორჩეული პიროვნება თავისი პატრიოტული სულისკვეთებით, ტრადიციების დაცვითა და ქრისტიანულ ეკლესიასთან დამოკიდებულით. მისი წასვლა დიდი დანაკარგია როგორც ოჯახისთვის, ასევე საკათედრო ტაძრის კომპლექსის მშენებლებისა და მრევლისთვის.” ავთანდილ ბახტაძეს, სამტრედიის საზოგადოებრიობა უკანასკნელ გზაზე, კვირას, 26 თებერვალს სამტრედიის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან გააცილებს.
ავტორი