ოზურგეთის სოფლების, ჯუმათის და მერიის მცხოვრებლები, ჯერ კიდევ გაზის გარეშე არიან. ამის შესახებ „გურია ნიუსი“ არაერთხელ წერდა _ მათ პირდებოდნენ, რომ ახალი წლისთვის ცისფერი ალი აინთებოდა.
მერიაში მაგისტრალი გაყვანილია. ჯუმათში კი ჯერ დაპროექტებაც არ არის დაწყებული.
ახლა ამ სოფლების მცხოვრებლები, ამ დაპირების შეუსრულებლობის გარდა, საყვედურს სულ სხვა მიზეზით გამოთქვამენ.
პანდემიის პირობებში, მთავრობის მიერ დაწესებულ გაზის და ელექტროენერგიის შეღავათებთან დაკავშირებით, ჯუმათელები თავს ორმაგად დაჩაგრულად მიიჩნევენ.
_ გაზი როცა არ გვაქვს, ბუნებრივია, დენი მეტი იხარჯება. ხარჯი დადგენილ ნორმას აუცილებლად გადაშორდება. ამიტომ დარჩება ის აქედან გამომდინარე, ჩვენ არც ელექტროენერგიის შეღავათი მოგვიწევს. დაიხარჯება მეტი, ვიდრე ის 300 კილოვატი, რაც განსაზღვრულია. ვიღაცამ ხომ უნდა იფიქროს ამაზე და იმ სოფლებს, სადაც გაზი არ არის, ელექტროენერგიის ხარჯვისას, ცოტა მეტი შეღავათი დაუწესონ? _ამბობენ ჯუმათს მცხოვრებლები.
ჩვენ ვესაუბრეთ საკრებულოს წევრს ჯუმათის თემიდან, მერაბ ბერიძეს. ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს ჯუმათში, ოთარ მექვაბიშვილს.
_მოსახლეობის პრეტენზია სამართლიანია. ჯერ ეს საკითხი არსად დამისვამს, თუმცა როცა განახლდება მუშაობა, მინდა, საკრებულოს სხდომაზე გავიტანო. მონახაზი მაქვს. პანდემიის პირობებში, არაერთი დაბრკოლება წარმოიშვა – გვითხრა მერაბ ბერიძემ.
ოთარ მექვაბიშვილმა კი თქვა, რომ როგორმე უნდა მოახერხოს მოსახლეობამ ცოტა ხნით გაძლება.
_გაზის გამოყვანა წელს აუცილებლად დაიწყება. გაზაფხულზე ველოდებით დამპროექტებლებს. იცით, პანდემიის გამო, ბევრი რამ შეფერხდა, – გვითხრა მან.
ამ და კიდევ სხვა პრობლემებზე, უგაზოდ დარჩენილ სოფლებში, მალე ვრცლად გიამბობთ.