„გიორგი გახარიასგან მესამე წელია, ვისმენთ, რატომ გადადგა თანამდებობიდან და ვერავინ ვერაფერი გაიგო.
ეს ადამიანი მოწყვეტილია რეალობას“, – უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ.
„მესამე წელია, ვისმენთ ამ ადამიანისგან, რატომ გადადგა თანამდებობიდან და ვერავინ ვერაფერი გაიგო, თუმცა, რეალობა ყველამ ძალიან კარგად იცის. განცხადებები, რომელიც მისი მხრიდან კეთდება, მიუთითებს, რომ ეს ადამიანი მოწყვეტილია რეალობას. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს, კარგად აფასებს ყველა პოლიტიკური პარტიის საქმიანობას და ეს გამოიკვეთება არჩევნებზე მათი მხარდაჭერით. ეს არის ძალიან კარგი შეფასების კრიტერიუმი, ვინ რას აკეთებს. როდესაც მოდის არჩევნების დღე, ჩვენი მოსახლეობა იღებს გადაწყვეტილებას, იყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და აძლევს ხმას კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასა და პოლიტიკოსს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ „ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, „ნაციონალები“ მზად არიან, ევროპული მომავალი გაცვალონ სააკაშვილის თავისუფლებაში, ეს წითელი ხაზები ქვეყნის ეროვნულ ინტერესზე გადის“.