„ჩემთვის მთავარია პროფესიონალიზმი, კომპენეტურობა და პატიოსნება“ _ ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ „გურია ნიუსის“ შეკითხვას დატოვებს თუ არა ნარმანიას გუნდის წევრებს მერიაში.
_ ზოგადად, არავის ვერჩი. ჩემთვის მთავარია პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა და პატიოსნება. შესაბამისად, ვინც ამ მიმართულებას დააკმაყოფილებს იმუშავებს ჩემთან ერთად. ბევრი პროფესიონალი მუშაობს დღეს მერიაში და რა თქმა უნდა, ჩვენ, გავაგრძელებთ მათთან მუშაობას.
როგორც იცით, კანონის მიხედვით ატესტაციები აღარ არსებობს. ამიტომ, მოხელის შეფასებით ვიმოქმედებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც ქალაქს და იმას სჭირდება, რომ სტრუქტრა ადამიანებისთვის უფრო მოქნილი, უფრო მოხერხებული და უფრო ორიენტირებული იყოს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კახა კალაძემ.
_ ბატონო კახა, თქვენი შეთავაზება თანამშრომლობის შესახებ, რომელიმე ყოფილ კონკურენტს ხომ არ მიუღია?
_ ჯერ მე თვითონ არ შევსულვარ და არ დამიწყია მუშაობა. რომ დავიწყებ მერე ვნახოთ _ იქნებ, წარმოადგინონ რაიმე პროექტი.
_ ყველასთან მუშაობისთვის მზად ხართ?
_ რა თქა უნდა. თუ ღირებული იქნება პროექტი და ქალაქისთვის იქნება მნიშვნელოვანი, შესაბამისად დავეხმარებით მის დამტკიცებაში, _ აღნიშნა თბილისის ახალმა მერმა.