2020 წელი იყო ძალიან რთული წელი, ყველანაირი თვალსაზრისით, – ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერის თქმით, პანდემიის გამო შარშან მერიას ბევრი პროექტის გადავადება მოუწია და წლევანდელი ბიუჯეტის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ძირითადი პრიორიტეტები არის არსებული სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობის მიმართულებით მხარდაჭერა და თანადგომა. 350 მილიონი გამოიყოფა ამ მიმართულებით და 440 მილიონი იქნება მიმართული ინფრასტრუქტურული მიმართულებით. თუმცა ხაზი მინდა გავუსვა ჩვენს მთავარ პრიორიტეტებს. იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გვაქვს დაწყებული, სატრანსპორტო პოლიტიკა მაქვს მხედველობაში, რომელიც ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება. ეს, რა თქმა უნდა, 2021 წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება. ასევე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება“, – აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა რეკრეაციული სივრცეების არსებობის მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ უფრო მეტი სარეკრეაციო სივრცის შექმნა მერიის კიდევ ერთი პრიორიტეტი იქნება.