კახეთში სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ტერიტორიაზე პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული.
პარალელურად, მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, რომელში სამოქალაქო აქტივისტები, ადგილობრივები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ამ დროისათვის აქციის 10 მონაწილე დაკავებულია.
ადგილზე იმყოფება პარლამენტის წევრი ლევან ბეჟაშვილი, რომელიც ამბობს, რომ ლავროვის ოჯახს ქორწილის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.
აქტივისტებმა კვერცხები დაუშინეს იმ სამარშრუტო ტაქსს, რომელმაც სასტუმროდან, სავარაუდოდ, რუსეთიდან ჩამოსული ქორწილის სტუმრები გაიყვანეს.
პროტესტი ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის , სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში და კერძოდ, ყვარლისა და ახაშენის სასტუმროებში ყოფნის შესახებ.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ლავროვის ქალიშვილის მაზლი, ქორწინების ცერემონიალს საქართველოში ატარებს.