მმართველი გუნდის წარმომადგენელი დავით ჭიჭინაძე ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის მთავარი პროკურორის პოსტზე დანიშვნას მიესალმება. ამასთან, როგორც ჭიჭინაძე გვეუბნება, კახიშვილი არის თავისი საქმის პროფესიონალი, ამიტომ, მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის მინისტრმა პარლამენტს კახიშვილის კანდიდატურა წარუდგინა, მხარს დაუჭერს.
,,კახა კახიშვილი ღირსეული ადამიანია, ის სარგებლობს საზოგადოების მაღალი მხარდაჭერით. სწორედ, ასეთი ადამიანები ქმნიან ქვეყანაში სტაბილურობის, სიმშვიდისა და განვითარების განცდას, ამას მოწმობს ის დასკვნა, რომელიც ევროკომისარმა დღეს გამოაქვეყნა, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა კლასიკად გამოაცხადა მის მიერ გატარებული რეფორმები. საერთოდ, კახი პოლიტიკაში მოსული არის იმ დიდი გამოცდილებით, რომელიც მას ცხოვრების მანძილზე დაუგროვდა, აქვს საკმაოდ მაღალი კვალიფიკაცია, პროკურატურაში ნამუშევარია და შესაბამისად, ვთვლი, რომ ასეთი ადამიანები, როგორც იტყვიან, არც მინისტრის რანგში ირცხვენენ თავს. თუ წინა ხელისუფლების პერიოდში სასჯელაღსრულების სისტემა იყო ყველაზე სამარცხვინო და დამამცირებელი ინსტიტუტი, კახიშვილის ხელში დაიხვეწა და საუკეთესო სტანდარტებს მიაღწია. ისეთი ადამიანი, რომელმაც ასეთი რთული სისტემის მიმართ შექმნა საყოველთაო ნდობა, მხარდაჭერას იმსახურებს. პირდაპირ გეტყვით, გუნდში მსჯელობა მას შემდეგ დაიწყება, როცა იუსტიციის მინისტრი კანდიდატებს პარლამენტს წარუდგენს“,_ გვითხრა ჭიჭინაძემ.
ცნობისთვის, პარტია ,,ევროპულმა საქართველომ“ მთავარი პროკურორის პოსტზე ,,თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე შალვა შავგულიძე წარადგინა. იუსტიციის მინისტრს ერთთვიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ პარლამენტს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მინიმუმ სამი კანდიდატი წარუდგინოს, რომელთაგან ერთ-ერთს დეპუტატები ხმათა უმრავლესობით დაამტკიცებენ.