თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში “ქართული ოცნების” დიდი უპირატესობით გამარჯვებაში დარწმუნებულია.
კალაძის თქმით, ბარიერი საერთოდ უქმდება, ნულოვანი ხდება, რითაც ყველა პოლიტიკურ პარტიას, თუ მათ საზოგადოების მხარდაჭერა ექნებათ, ეძლევა შესაძლებლობა, მოხვდნენ პარლამენტში.
„ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებს საკუთარი წარმომადგენელი ეყოლებათ პარლამენტში.
მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას და მგონია, რომ ამ რეფორმის ფარგლებშიც „ქართულ ოცნებას“ ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას, რომელიც ჩვენ მოქალაქეებს აწუხებთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.
„ქართულ ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში უნდა ჩატარდეს.