მიმდინარე წელს არაერთი მსხვილი და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, მათ შორის, სრულად განახლდება რუსთაველის გამზირი“, – ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახურის მოწოდებული ინფორმაციით მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„როგორც იცით, ვგეგმავთ რუსთაველის გამზირის სრულ რეაბილიტაციას. გზა არის ამორტიზებული, მძიმე მდგომარეობაში, ხშირია საფარის დაზიანების, გზის ჩავარდნის შემთხვევები, სწორედ იმის გამო, რომ მიწისქვეშ არსებული ინფრასტრუქტურა მძიმე მდგომარეობაშია. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ალბათ, დავიწყებთ მაისში და ზაფხულის ბოლოსთვის ვგეგმავთ პროექტის დასრულებას.
გამზირი რადიკალურად შეიცვლება, იქნება ახალი დიზაინი, კომფორტული და, რა თქმა უნდა, შშმ პირთათვის ადაპტირებული. დარწმუნებული ვარ, როდესაც სამუშაოები დასრულდება, პროექტი იქნება ძალიან ლამაზი და ეფექტური. რა თქმა უნდა, მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით, ვგეგმავთ არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციასაც. შენობების დიდი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია. სამუშაოების მეორე ეტაპი იქნება უკვე ამ ძეგლების რეაბილიტაცია, რაც რამდენიმეწლიანი პროექტი იქნება, რადგან გვინდა რუსთაველის გამზირზე არა მხოლოდ ფასადების, არამედ მთლიანად შენობების გამაგრება და მოწესრიგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყობა ტროტუარი, გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები. ასევე, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.