თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მერია დაინტერესებულია სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დაზარალებულთა პრობლემით და უწყება ყველაფერს გააკეთებს მათ დასახმარებლად.
„ძალიან ბევრი ტექსტური შეტყობინება მომდის, მეკითხებიან, რა იქნება, როგორ იქნება და რა მდგომარეობაა. გასულ კვირას ჩემი მოადგილე ილია ელოშვილი შეხვდა „სვეტის“ დაზარალებულების მიერ შექმნილ საინიციატივო ჯგუფს, გაიარეს ყველაფერი დეტალურად.
კიდევ ერთხელ მინდა, დაგიდასტუროთ ჩემი თანადგომა, რომ ყველანაირად ხელს შეგიწყობთ და დაგეხმარებით, რომ არავინ არაფერი არ დაკარგოს. ჩვენს ინტერესებშია, გვერდით დაგიდგეთ და დაგეხმაროთ, რომ ეს პროექტი დასრულდეს. უბრალოდ, ცნობისთვის მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 14 ლოკაციაზე იყო დაწყებული მშენებლობები და 14-ვე იყო უნებართვოდ. ეს არის სერიოზული პრობლემა.
უკანონო, უნებართვო მშენებლობები კატეგორიულად მიუღებელია თითოეული ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით ეს იყო 2015-2016 და 2017 წლის ნაწილი, როდესაც მიმდინარეობდა უნებართვო მშენებლობები. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენი მხრიდან გექნებათ ყველანაირი მხარდაჭერა და თანადგომა, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“ _ თქვა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ.
მენაშენეებმა კომპანია „სვეტის“ ოფისი 21 ივნისს დაიკავეს. იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ სამშენებლო კომპანია „სვეტს“ შეიძლება რამდენიმე ობიექტზე მშენებლობის გაგრძელების უფლება მისცეს.
20 ივნისის მთავრობის სხდომაზე, კახა კალაძემ დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის მოგვარების შესახებ იმსჯელა და მის მოადგილეს ილია ელოშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით გეგმის შემუშავება დაავალა.
ილია ელოშვილმა განაცხადა, რომ შეჩერებული მშენებლობების დასასრულებლად კომპანიებს შესაძლოა ფინანსური შეღავათები დაუწესდეთ.