დედაქალაქის მერი “სითი ინსტიტუტს” გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის წარდგენისთვის გონივრული ვადის დასახელებას სთავაზობს და დროს დღის ბოლომდე აძლევს – ამის შესახებ განცხადება, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.
თბილისის მერმა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “სითი ინსტიტუტის” მიერ წარდგენილი გეგმა არ შეესაბამება დაწესებულ სტანდარტებს. მისი თქმით, “სითი ინსტიტუტთან” 2 წლის განმავლობაში გაფორმებულია ხელშეკრულება, თუმცა ვერც გენგეგმის დასკვნითმა მე-6 დოკუმენტმა ვერ დააკმაყოფილა დადგენილი სტანდარტები.
”მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ გენგეგმის შესამუშავებლად არქიტექტურის სამსახურსა და ”სიტი ინსტიტუტს” შორის ხელშეკრულება ორი წლის წინ არის გაფორმებული, გაწეულია მნიშვნელოვანი სამუშაოები. მისი ნაწილი რეალური და გამოსადეგია ქალაქის განვითარებისათვის, თუმცა დოკუმენტი ჯერ კიდევ დაუსრულებელია და მთელი რიგი მიმართულებით საფუძვლიანი სამუშაოებია გასაწევი, რათა ამ სახით გენგეგმის მიღებამ მომავალში დამატებითი პრობლემები არ შეუქმნას ჩვენ ქალაქს. კონტრაქტიორ კომპანიას ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით რამდენჯერმე ეცნობა ჩვენი პოზიცია. თუმცა, სამწუხაროდ გენგეგმის მეექვსე დასკვნითი დოკუმენტი ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტებს.
ხელშეკრულების თანახმად ჩვენ სწორედ დღეს გვეწურება ვადა, მივიღოთ გადაწყვეტილება მიიღებს თუ არა თბილისის მერია ”სიტი ინსტიტუტის” მიერ შემუშავებულ გენერალურ გეგმას, მის დასკვნით დოკუმენტს. ვაცნობიერებთ რა გენგეგმის მნიშვნელობას ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენ ვერ მივცემთ საკუთარ თავს უფლებას დავუშვათ შეცდომა, წავიდეთ კომპრომისზე და მივიღოთ არასრულყოფილი დოკუმენტი. ჩვენ ვითვალისწეინებთ ფაქტობრივ მოცემულობას და იმ სამუშაოებს, რომელიც უკვე გასწია კომპანიამ ამ პროცესში. პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის და ზოგადად ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის მიღება. ყველაფრის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ ვაძლევთ მათ შესაძლებლობას საკუთარი რესურსების გათვალისწინებით დღის ბოლომდე წარმოადგინონ გონივრული ვადა, თუ როგორ და რა ვადებში შეძლებენ ამ დოკუმენტის სრულყოფას. ჩვენი მხრივ, მერია და მერიის მთელი სამსახურები სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ მათთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, რათა იქნას მიღებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა”, – განაცხადა კახა კალაძემ.