სახელმწიფო რწმუნებულის, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით, დარგის სპეციალისტებისა და საზოგადოების უშუალო ჩართულობის შედეგად, ქალაქ ზუგდიდის მიწათსარგებლობის გეგმა შემუშავდება, რომელიც მოიცავს როგორც ურბანული განვითარების კონცეფციას, ისე აუცილებელი რეგულაციების დაწესებას მიწათსარგებლობის მხრივ.
ინიციატივის მიზანია, სრულად გამოირიცხოს სხვა ქალაქებში არსებული მავნე პრაქტიკა ქაოსური მშენებლობების სახით, მაქსიმალურად შენარჩუნდეს ქალაქის არქიტექტურული იერსახე და ამავე დროს, მისი ურბანული განვითარება გადავიდეს ახალ ეტაპზე, რომელიც აუცილებელია ინვესტიციების მოზიდვისთვის, ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის.
ამასთანავე, გენერალური გეგმის დოკუმენტის დამტკიცება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქეებისა და დარგის სპეციალისტების ერთობლივი ხედვისა და კონსენსუსის შედეგად.
ქ. ზუგდიდის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის შემუშავებისთვის 2019 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა შესაბამისი ფინანსური რესურსი.
აღსანიშნავია, რომ ქ. ზუგდიდში მნიშვნელოვნად იმატა ინვესტიციის მსურველ კომპანიათა რიცხვმა. მათ შორის, მნიშვნელოვანია დეველოპერული კომპანია „m² უძრავი ქონების“ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს პროექტის კონცეფცია, რომელიც კომპანიამ 25 ნოემბერს საზოგადოებას წარუდგინა. ღონისძიება ჩატარდა ზუგდიდის ცენტრში, სკეიტპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.
პრეზენტაციას დაესწრნენ „მ²“-ის პარტნიორი ორგანიზაციები, ზუგდიდის მერიის, საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაცია და მედია. სასტუმროს კონცეფციის წარდგენის შემდეგ, 18:00 საათზე ზუგდიდის მაცხოვრებლებისთვის მ²“ -ის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა სტეფანეს კონცერტი.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ახალი სასტუმრო პირველი საერთაშორისო ბრენდი იქნება ზუგდიდში. ამასთანავე, სასტუმროს კონცეფცია თავსებადია ზუგდიდის არქიტექტურასთან და გამოირჩევა თავისი მდებარეობით. პროექტი თანამედროვე აღჭურვილობისა და დიზაინის 130 ნომერს აერთიანებს. უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების გეგმა, რომლითაც სასტუმროს ოპერირებისთვის 200-ზე მეტი სამუშაო ადგილია განსაზღვრული. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება კი 30 მილიონი ლარია.
„ეს იქნება პირველი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო ქალაქში. პროექტი უმნიშვნელოვანესია რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის და უპირობოდ მნიშვნელოვანი – ტურისტების მოსაზიდად. ზუგდიდი ის ქალაქია, რომელსაც განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ამავდროულად, ცხადია, 30 მილიონი ლარის ინვესტიცია დასაქმების გაზრდის გარანტია, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ინიციატივას ადგილობრივი მოსახლეობისთვის. დღეს, მაშინ როცა სასტუმროს მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, ჩვენი კორპორაციული კულტურიდან გამომდინარე, საჭიროდ მივიჩნიეთ, კონცეფცია გაგვეცნო ყველა დაინტერესებული მხარისთვის, რადგან ნებისმიერი პროექტის დაწყებამდე მიღებული უკუკავშირი ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, – ამბობს ირაკლი ბურდილაძე, „მ2“-ის გენერალური დირექტორი.
აღნიშნული სასტუმროს პროექტის დეტალებზე მსჯელობა ქალაქის გენერალური გეგმის ფარგლებში გაგრძელდება. მისი მშენებლობა, ისევე როგორც სხვა ახალი არქიტექტურული პროექტის განხორციელება, შესაძლებელი იქნება ქ. ზუგდიდის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ.