რამდენიმე დღეა ლანჩხუთში ძლიერი ქარი ქრის. განსაკუთრებით გუშინ ღამიდან იმატა ქარის სიჩქარემ და ალაგ-ალაგ გარკვეული პრობლემებიც შექმნა. ამ დილით ქალაქის ცენტრში, ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან ქარმა შიფერი გადმოაგო, რომელიც იქვე კორპუსთან მდგომ ოპელის მარკის ავტომობილს დაეცა და საქარე მინა დაუზიანა.
ეს საცხოვრებელი სახლი ბოლო წლებია გარკვეული პრობლემების წინაშე დგას, როგორც სახურავის, ისე გარე ფასადის მხრივ და დღევანდელი ფაქტი არც პირველი შემთხვევაა, როცა სახურავიდან თუ ფასადიდან სხვადასხვა სამშენებლო საგნები ვარდება. აღნიშნული ტერიტორია, იქედან გამომდინარე რომ მიმდებარედ არაერთი სავაჭრო ობიექტი ფუნქციონირებს და ამავდროულად მიკროავტობუსებისა და ტაქსების გაჩერების ადგილია, მუდმივად ხალხმრავალია და ყოველთვის არსებობს რისკი, რომ მსგავსმა შემთხვევებმა გაცილებით სავალალო შედეგი არ გამოიწვიოს.
მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ აღნიშნული კორპუსის გარე ფასადი ათეული წლებია თუნუქის მასალითაა შეფუთული და დღევანდელი მდგომარეობით საკმაოდ დაზიანებულია. ეს ერთი მხრივ ძირეულად ამახინჯებს სახლის იერსახეს, ასევე საფრთხის შემცველია მოქალაქეებისთვის და ასეთი პრობლემა უკვე დიდი ხანია რეაგირებას ითხოვს.