თბილისში მოძრავ ყვითელ ავტობუსებს მალე ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული ტიპის ავტობუსები ჩაანაცვლებს. თბილისის მერია, ასევე, მეტროს ვაგონების რეაბილიტაციასაც გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა არსებობს და დაგეგმილი გვაქვს, რომ ყვითელი ავტობუსები ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული ტიპის ავტობუსებით ჩავანაცვლოთ. იგეგმება, ასევე, მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია და ახალი, ევროპული ტიპის ვაგონების შემოყვანა. გუშინ ორი შემადგენლობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავამთავრეთ. საბურთალოს ხაზზე ექვსი ვაგონი ივლის და მგზავრებს მოემსახურება“, _ აცხადებს კალაძე.
დედაქალაქის მერმა, ასევე, აღნიშნა, რომ თბილისის მოსახლეობას 23-დან 26 მაისის ჩათვლით შეეძლება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით შექმნილი „მეტრომანი“ ყოველგვარი გადასახადის გარეშე უფასოდ მიიღოს.






























































