თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას და კალათბურთის ფედერაციის მიერ გაკეთებულ განცხადებას რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი ეხმიანება.
ზურაბიშვილის თქმით, “ქართველ სპორტსმენთა მნიშვნელოვანი ნაწილი, ფედერაციებზე რომ არაფერი ვთქვა, ესაა მთლიანად ხელისუფლებაზე ორიენტირებული კონტიგენტი” და ისინი ხელისუფლების მიერ არიან წახალისებული.
“ის, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი გადადის მოსკოვის ცეესკაში, გუნდში, რომელიც, შეიძლება ითქვას რუსული სამხედრო იმპერიალიზმის სპორტული სიმბოლოა, როდესაც სხვა სპორტსმენები მის დასაცავად ამბობენ, რა მიხდა ჩვენც გვითამაშია რუსეთშიო და მას ასევე მხარდაჭერას უცხადებს კალათბურთის ფედერაცია, ეს პირადად ჩემთვის ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ არც კაპიტანს და არც მის მხარდამჭერებს ელემენტარული წარმოდგენაც კი არა აქვთ რა არის რუსეთი მისი სახელმწიფოსთვის, რა როლი აქვს შესრულებულო საქართველოს ისტორიაში, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში, რას ნიშნავს სიტყვა “ოკუპაცია”, როგორ მოდებულია მთელ მსოფლიოს რომ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება გამოღლიტოს უცხოეთში ვინმეს და საერთოდ თუ პოლიტიკური თვალსაზრისით რაიმეს შეიძლება ეწოდოს მტერი, პირდაპირ და უშუალოდ რომ განასახიერებს ამ ცნებას, არამედ ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ამ მტერთან ასეთ უღირსებო მიცუცქება, ვითომდა სპორტის და პოლიტიკის გამიჯვნის ეგიდით არის პირდაპირ წახალისებული ქვეყნის ხელისუფლების მიერ.
ამაში დარწმუნებული ვარ იმდენად, რამდენადაც ქართველ სპორტსმენთა მნიშვნელოვანი ნაწილი, ფედერაციებზე რომ არაფერი ვთქვა, ესაა მთლიანად ხელისუფლებაზე ორიენტირებული კონტიგენტი. ორიენტირებული არა იმდენად პოლიტიკური, რამდენადაც ძალაუფლებრივი ნიშნით, ისინი თითქმის არასდროს მიდიან ხელისუფლების პოლიტიკური ნების წინააღმდეგ და მუდამ ცდილობენ აეწყონ იმ ტალღაზე, რაც მთავრობიდან მოდის. ასე იყო ადრეც, ასეა ახლაც, თუ რასაკვირველია მთავრობა პირადად არ დაუპირისპირდება რომელიმე მათგანს.
დარწმუნებული ვარ, თორნიკე შენგელიას არც კი მოუვიდოდა აზრად ესპანეთიდან რუსეთში და თან არმიის კლუბში გადასვლა, ასეთი ფაქტების მიმართ საქართველოს მთავრობის, ხელისუფლების და ან პირადად ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება რომ იყოს მკაფიოდ ნეგატიური, მაგრამ როცა ეს დამოკიდებულება ნეგატიური კი არა პირიქით, პოზიტიურია და უთავმოყვარეო და უღირსებო პოლიტიკა მიჩნეულია სიბრძნედ და სიფრთხილედ, მაშინ სპორტსმენებისა რა გვიკვირს? შორს რომ არ წავიდეთ და აქვე ფბ-ზე გადავხედოთ სურათს, უკლებლივ ყველა, ვინც თორნიკე შენგელიას ნაბიჯს რაღაცნაირად მაინც ამართლებს არის ამ ხელისუფლების მხარდამჭერი და თუ არ არის, მაშინ პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერი მაინცაა, რაც პრინციპში ერთი და იგივეა.
P. S. საინტერესოა, რომ გვარს არ დავასახელებ და საქართველოს პრეზიდენტმა ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელად დაგმო თორნიკე შენგელიას საქციელი, რისთვისაც საქებარი სიტყვები არ დამენანებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ეჭვი მაქვს რომ მას უბრალოდ ეს როლი მოარგეს: ხან უგულავას და ოქრუაშვილს იწყალებს, ხან რუსეთში სპორტსმენების წასვლას აპროტესტებს, მოკლედ, რამე რომ იყოს და ვინმემ რუსეთის მიმართ მაამებლობაში დასდოს ხელისუფლებას ბრალი, აგერ ჰყავთ ვითომდა პროდასავლელი პრეზიდენტი. თუკი მე ვცდები, ეს ის შემთხვევა იქნება როცა საკუთარი შეცდომა გამიხარდებოდა, მაგრამ არა მგონია ვცდებოდე”, _ წერს დავით ზურაბიშილი.