“ქალი გაცილებით გამძლე გამოდგა იმ გამოწვევების მიმართ, რომელიც სახელმწიფომ გამოიარა“
დღეს, ქალაქ ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საკრებულოს წევრები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები რეგიონში მოღვაწე სხვადასხვა პროფესიის ლიდერ ქალებს შეხვდნენ. შეხვედრის მომხსენებელი ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე იყო, რომელმაც ისაუბრა ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მნიშვნელობაზე და პერსპექტივებზე.
“თუ ვინმე უნდა იყოს პოლიტიკაში, ეს უნდა იყოს ქალი _ ერთი მარტივი მიზეზის გამო, მომავალს ვქმნით ჩვენ, რა თქმა უნდა, მამაკაცების დახმარებით, მაგრამ წამყვანი ძალა ჩვენ ვართ. აქედან გამომდინარე, ამ მომავალზე ზრუნვა ჩვენს მხრებზე უნდა ავიღოთ. საქართველოს ბოლო 25-მა წელმა აჩვენა, რომ ქალი გაცილებით გამძლე გამოდგა იმ გამოწვევების მიმართ, რომელიც სახელმწიფომ გამოიარა. ქალი უფრო ძლიერი გამოდგა და მათ გადაარჩინეს ოჯახები… მე თუ მკითხავთ, პოლიტიკაში ჯერ უნდა იყოს ქალი და ჩვენ გვერდით უნდა იყვნენ მამაკაცები, იმიტომ, რომ მომავალი თაობის აღზრდასთან ჩვენ გვაქვს საქმე, _ განაცხადა შეხვედრაზე ხათუნა ლაგაზიძემ.