„კანაფის კულტივაციის საკითხი არის შეჩერებული დღეს, ყველა ვართ საარჩევნო რეჟიმში. ჩვენ არ ვიცით როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი, მოვუსმენთ საზოგადოებას, მოვუსმენთ ეკლესიას”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2″-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ კანონპროექტზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ კანონპროექტი ნარკოტიკების წარმოება-გასაღებას არ ითვალისწინებს. მისივე თქმით, სხვა ქვეყნების გამოცდილებით, არ არსებობს არალეგალური გზით გადინებისა და ქვეყნის იმიჯის დაზიანების საფრთხე. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქთან გამართულ შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა.
„კანაფის კულტივაციის საკითხი არის შეჩერებული დღეს, ყველა ვართ საარჩევნო რეჟიმში და შესაბამისად, ამისთვის არც არავის სცალია . ჩვენ არ ვიცით როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი, ჩვენ მოვუსმენთ საზოგადოებას, მოვუსმენთ ეკლესიას, ესეც არის კიდევ ერთი, თქვენ არ მოგწონთ შედარებები, მაგრამ ერთი პრინციპული განსხვავება ჩვენს ხელისუფლებასა და წინა ხელისუფლებას შორის, საზიზღარ ნაციონალებს შორის,( კარგია რომ აღიარებთ) პრინციპული განსხვავებაა ეკლესიასთან დამოკიდებულებაც, გახსოვთ წინა ხელისუფლების დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ. რაც შეეხება ამ საქმეს, ჩვენთვის მთავარი არის , როდესაც კონკრეტული ინიციატივით გამოდის სახელისუფლებო გუნდი, ის არის პასუხისმგებელი საზოგადოებისთვის იმის თქმაზე, მას ჰქონდა ცუდი რამე ჩაფიქრებული, თუ კარგი, შესაბამისად, აქ მთავარია, საზოგადოებისთვის იმის თქმა, რომ ცუდი არაფერი არ იყო ჩაფიქრებული. ძალიან მოკლედ შევეხები არგუმენტებს, არის საუბარი ნარკოტიკების წარმოება-გასაღებას ითვალისწინებს თუ არა ეს კანონპროექტი? პასუხი არის – არა. მეორე, არსებობს თუ არა საფრთხე, რომ მოხდეს გადინება არალეგალური გზით გარეთ, ამასთან დაკავშირებით არსებობს უამრავი ქვეყნის, ისრაელის, საბერძნეთის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, აშშ – ამ ქვეყნების გამოცდილება მეტყველებს იმაზე, რომ ამ ტერიტორიის დაცვა უმარტივესად ხდება. რაც შეეხება იმიჯი ხომ არ დაზარალდება ჩვენი ქვეყნის, აქაც არის ნათელი პასუხი არის ისრაელი, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, კანადა , აშშ და კიდევ სხვა ქვეყნები, სადაც ხდება კანაფის კულტივაცია-წარმოება არა ნარკოტიკების წარმოების გზით და იქ უარყოფითად არ აისახება ქვეყნების იმიჯზე. ჩვენი თხოვნა იყო პატრიარქის მიმართ, რომ გვსურს საუბარი ზუსტად ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა, ძალიან თბილი და პოზიტიური, ჩვენთვის ეს არის მთავარი, ჩვენ გვინდა საუბარი რაზე: მთავარი არის ის, რომ ჩვენ ერთიანად შევჯერდეთ იმაზე, რომ ინიციატორს არ ჰქონდა უარყოფითი განზრახვა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი შეფასებით, წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი ერთერთი მთავარი დანაშაული კონსლიდირებული ელიტების მოსპობა იყო, თუმცა, ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყანას ჰყავს ადამიანები, რომლებსაც აქვთ ავტორიტეტი და რომლებთანაც საჭიროა საუბარი. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პირველ რიგში, საჭიროა საუბარი ეკლესიასთან.
„ერთ-ერთი მთავარი დანაშაული, რაც ჩაიდინა მაშინ წინა ხელისუფლებამ იყო ის, რომ ელიტები მოსპეს ქვეყანაში, ეს იყო მათი მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი. კონსოლიდირებული ელიტები საზოგადოებას სამწუხაროდ არ ჰყავს, მაგრამ ქვეყანას ჰყავს ადამიანები, რომელთაც აქვთ ავტორიტეტი, ობიექტური საფუძვლით და რომლებთანაც საჭიროა საუბარი და საჭიროა ცალკე გამოიყოს ეკლესია, რომელთანაც პირველ რიგშია საუბარი საჭირო”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „არჩევანში” სტუმრობისას.