თავისთავად ძალიან კარგია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტთან კონსულტაციებს მართავენ და შალვას ფანჩატურიდან გამოვიდნენ, _ ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრებზე საუბრისას განუცხადა.
როგორც სუბარმა აღნიშნა, პრეზიდენტი უმრავლესობას არ დაეთანხმა კანონის დაჩქარებული წესით მიღების აუცილებლობაში, თუმცა გაიზიარა ხედვა, რომ ეს ცვლილებები აბსოლუტურად დემოკრატიულია.
“გუშინ რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, რომელთაგანაც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ შეეხებოდა მხოლოდ ორი. ეს იყო შინაგან საქმეთა მინისტრთან და უმრავლესობის წევრებთან – მიხეილ სარჯველაძესთან და მამუკა მდინარაძესთან. ორივე შემთხვევაში ჩვენი მიზანი იყო აგვეხსნა, რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილებები. პრეზიდენტი ვერ დავარწმუნეთ იმაში, რომ ამ გადაწყვეტილებების დაჩქარებული წესით მიღება იყო სწორი და სამართლიანი და ამაზე მან გაგვაკრიტიკა.
ეს ის თემაა, რასაც შეიძლება დავეთანხმოთ, მაგრამ სრულად გაიზიარა ხედვა, რომ ეს ცვლილებები არის აბსოლუტურად დემოკრატიული, აბსოლუტურად ჯდება სტანდარტში და არის საჭირო, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები განმეორებითი გამოხტომებისგან, დასაცავი სუბიექტები შეიძლება იყვნენ რიგითი მოქალაქეებიც და პოლიციელებიც. ეს ცვლილებები არის გაცილებით ლიბერალური, ვიდრე ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობაც კი, რომელიც დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.
7 მაისს სალომე ზურაბიშვილმა მისთვის მინიჭებული უფლება არ გამოიყენა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ვეტო არ დაადო.
29 აპრილს პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა დაამტკიცა.