საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის შექმნას ეხმიანება.
საქართველოში ევროკავშირის ელჩი მიესალმება ომბუდსმენის მიერ შექმნილ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფს.
„მივესალმები ომბუდსმენისა და მისი გუნდის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ობიექტურად შეფასების მიზნით შექმნილ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფს, როგორც მისი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური მანდატის შესრულების ნაწილს, ზედამხედველობა გაუწიოს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვას”, – წერს კარლ ჰარცელი „ტვიტერში“.
ინფორმაციისთვის, სახალხო დამცველმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისთვის იუსტიციის სამინისტროს/სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მოიწვია. ჯგუფის მიზანია ასევე შეაფასოს რამდენად შეესაბამება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების დაცვას N18 სამკურნალო დაწესებულება ამჟამად და იქნება თუ არა ამ დაწესებულებაში ადეკვატური სამედიცინო სერვისის მიწოდება შესაძლებელი პატიმრის მიერ ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, როგორც ამას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ითხოვს.