„არ ვიცი, რით დამთავრდება ეს სკანდალი, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს სახის შენარჩუნების მიზნით ზოგიერთი მტკივნეული ნაბიჯის გადადგმა, თუნდაც, ქუცნაშვილის მისამართით“,_ აღნიშნული განცხადება „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ პარლამენტში დღეს განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ დღეს რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში მივიდნენ, სადაც მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია იმართებოდა, რუსეთის დელეგაციის ერთ-ერთი წევრმა, გავრილოვმა, კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა.
როგორც პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, მსგავსი ღონისძიების პარლამენტის შენობაში გამართვა მსოფლიო პრაქტიკაში დაუშვებელია.
„ეს ის შემთხვევაა, როდესაც რელიგია და პოლიტიკა ტყუპისცალებივით გამოდიან კონფერენციაზე. შემთხვევვითი არ არის ის, რომ სტუმრების უმრავლესობა პოლიტიკოსებია. გარდა ამისა, მსოფლიო პრაქტიკაში აბსოლუტურად დაუშვებელია ამ ხასიათის ღონისძიებებისათვის პარლამენტის დარბაზის დათმობა, არ ვიცი ვის მოუვიდა ტავში ასეთი აზრი, მაგრამ ვინც თანხმობა გასცა პასუხი უნდა აგოს“,_ამბობს ცინცაძე.
პარლამენტის შენობაში რუსი დეპუტატების გამოჩენას და მათ მიერ სხდომის გახსნას ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის არაერთმა დეპუტატმა განაცხადა ისიც, რომ რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის.
თუმცა, უმრავლესობის მხრიდან ღონისძიების ჩატარებამდე კეთდებოდა განცხადებები, რომ ეს იყო ღონისძიება, რომელსაც საქართველოს პრობლემები უნდა გადაეწყვიტა.
ცინცაძის თქმით, ის რომ დეპუტატებმა არაფერი იცოდნენ დაუჯერებელია.
„ისე ხომ არ მოხდა, რომ გავრილოვი თავისი ნებით უცბად წამოხტა, ავარდა ტრიბუნაზე და ჩაჯდა თავმჯდომარის სავარძელში? ეს ხომ დაიგეგმა. დღეს, რომ იძახიან უმრავლესობის წარმომადგენლები რომ არ იცოდნენ, ძნელად დასაჯერებელია. ქუცნაშვილს თუ დავუჯერებთ, ამ ღონისძიებას ერთი დიდი ნაბიჯი უნდა გადაედგა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებისათვის. თუ ასეთი დიდი ღონისძიებაა, როგორ მიუშვეს თვითდინებაზე და როგორ გახდა შესაძლებელი პროტოკოლში დაუშვებელი შეცდომა“,_ ამბობს ცინცაძე.
ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია შეწყვეტილია.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, სხდომის დაუყონებლივ შეწყვეტა მისი რეკომენდაციით მოხდა და პარლამენტში დღეს განვითარებული მოვლენები პროტოკოლური შეცდომაა.
„ეს თუ პროტოკოლური შეცდომა იყო, ამ პროტოკოლის უკან დგანან კონკრეტული პიროვნებები. მიმღები მხარე საერთაშორისო ნორმების ე.ი. საქართველო, ამ დროს დღის წესრიგის შედგენაში ასრულებს გადამწყვეტ როლს. რა თქმა უნდა პროტოკოლის მიმღები ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. თუმცა, მოხდა პროტოკოლური შეცდომა და ბოდიშს ვიხდით, ასე არ უნდა იყოს, რადგან სერიოზული მოვლენაა“,_ამბობს ცინცაძე.