საქართველოს ღვინის სააგენტოს ინფორმაციით, სხვადასხვა დასახელების ქართულმა ღვინოებმა, პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ 13 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი დაიმსახურეს.
საერთაშორისო კონკურსი Sakura Award (The 8rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2021) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მერვედ ჩატარდა. მასში 32 ქვეყნის 4 ათასზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით – სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.
წელს საკონკურსო ღვინოები 186-მა იაპონელმა ქალბატონმა შეაფასა.
იაპონია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ აქტივობებს 2014 წლიდან ახორციელებს.
2021 წლის „საკურას“ კონკურსზე მედლები მიიღეს შემდეგი კომპანიების ღვინოებმა:
მეღვინეობა ჯივიესი – 4 ოქრო, შატო მუხრანი – 3 ოქრო; ქინძმარაულის კორპორაციული მარანი – 2 ოქრო; მტევინი – 2 ოქრო; შუხმანის ღვინოები – 1 ოქრო; ვაზიანი კომპანი – 1 ოქრო; Pavilion wines -1 ვერცხლი.
2021 წლის მსგავსად, გასულ წლებში, სხვადასხვა ქართულ ღვინოს „საკურას“ კონკურსზე არაერთი უმაღლესი ჯილდო აქვს მოპოვებული.
მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს, როგორც კონკრეტული კომპანიის, ისე ზოგადად, ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის ღვინის ბაზარზე, _ ნათქვამია ღვინის სააგენტოს მიერ გვავრცელებულ ინფორმაციაში.