„ქართული ოცნების“ ოფისში 15:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება. მედიის წინაშე განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გააკეთებს. თემა უცნობია. არჩილ თალაკვაძის ბრიფინგს წინ უძღოდა ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან შეხვედრა. დიპლომატი ასევე შეხვდა მმართველი პარტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს.
„ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრები გრძელდება. პარტიის ცენტრალურ ოფისში იმყოფება ბიძინა ივანიშვილი.
დღეს საპარლამენტო უმრავლესობა ზვიად ძიძიგურმაც დატოვა. მასთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობიდან „კონსერვატორთა“ ფრაქციის კიდევ ორი წევრი – ნინო გოგუაძე და გიგა ბუკია წავიდნენ. რაც შეეხება ფრაქციის დანარჩენ წევრებს – მუხრან ვახტანგაძეს, რუსლან გაჯიევსა და პაატა კვიჟინაძეს, მათი პოზიცია ამ ეტაპზე უცნობია.
მმართველი გუნდი გიორგი ბეგაძემაც დატოვა. ის მე-9 დეპუტატია, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობიდან 14 ნოემბერს წავიდა.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.