19 იანვარი ქართული ცეკვის დედოფლის, ნინო რამიშვილის დაბადების დღეა.
“მე სულ ვცეკვავდი, სულ”, _ ამბობდა ნინო, _ “ეს ჩემში ადრეული ბავშვობიდან იდო. დედა ხედავდა ამას და საბალეტო სტუდიაში მიმაბარა… როდესაც პერინის სტუდიაში მივდიოდი, ხშირად სრული სერიოზულობით მიფიქრია, ალბათ, რა მოსაწყენია ცხოვრება იმათთვის, ვინც არ ცეკვავს”.
ნინო რამიშვილმა მეუღლესთან – ილიკო სუხიშვილთან ერთად 1945 წელს შექმნა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, აღადგინა, შექმნა, დადგა დღეს ასე საამაყო ქართული ცეკვების ფეიერვერკი…. მისი უდიდესი დამსახურებაა, რომ დღემდე, თაობიდან თაობას გადაეცემა ქართული ცეკვის ჯადოსნური ხიბლი, ცეკვის, რომლითაც მთელი მსოფლიო გვიცნობს და აღფრთოვანებული გვიკრავს ტაშს…..
“ეროვნული ბალეტის“ ყველაზე ცეცხლოვანი ვარსკვლავის – ნინო რამიშვილის სახელი ცოტა ხნის წინ მიენიჭა მის მშობლიურ ჩოხატაურში ხელოვნების სასახლეს, თუმცა, სამწუხაროდ, ჭეშმარიტად დიდი ხელოვანის დაბადების დღის და 110 წლის იუბილეს აღნიშვნა კულტურის სფეროში მომუშავე მრავალრიცხოვან მოხელეებს არც კი გახსენებიათ.
გთავაზობთ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც ქალბატონი ნინო თავად გვიამბობს მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდების შესახებ.
წყარო: სუხიშვილები – Sukhishvilebi