თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის ქართველები მუშაობის ნებართვას მარტივად მიიღებენ.
აღნიშნულის შესახებ განკარგულება გასულ წელს გამოიცა, რომლითაც თურქეთში სეზონურად დასაქმების მსურველები უკვე წელს შეძლებენ სარგებლობას.
აღსანიშნავია, რომ ამ განკარგულებით, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი ქართველები მუშაობის ნებართვის გარეშე ერთი წლის განმავლობაში, 90 დღით შეძლებენ გაჩერებას. თუმცა, ეს წესი მხოლოდ ზოგიერთ ოლქში, კერძოდ, სამსუნის, ორდუს, გირესუნის, ტრაპიზონის, რიზესა და ართვინის გუბერნიებში იმოქმედებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტის მისაღებად, სეზონურ სამუშაოებზე მომუშავე საქართველოს მოქალაქე უნდა შევიდეს თურქეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საერთაშორისო შრომის გენერალური დირექტორატის გვერდზე და ელექტრონულ ფორმატში შეავსოს განცხადება.
„განცხადების საფუძველზე, შემდგომში რაიონის გამგეობის მიერ მას მიეცემა “მუშაობის ნებართვისაგან გათავისუფლების დოკუმენტი”, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ზემოაღნიშნულ სეზონურ სამუშაოებზე (ჩაი-თხილი), დასაქმებულთა მიერ პროცედურების შესრულების შემთხვევაში დაცული იქნება საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებები. განცხადების შევსების წესები და პროცედურები ასევე განთავსებულია ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე”, – განმარტავენ სამინისტროში.