,,ქართველი ხალხის მიერ წლების განმავლობაში გაწეული მძიმე შრომა, უფრო ძლიერი და წარმატებული დემოკრატიის ასაშენებლად გადამეტებული და ძალისა და არადემოკრატიული ქმედებების გამო სერიოზული საფრთხის ქვეშაა“, – ამის შესახებ ამერიკის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, გრეგორი მიქსის, კომიტეტის წევრის მაიკლ მაკკოლისის და საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების – ჯერი კონოლის და ადამ კინზინგერის ერთობლივ განცხადებაში წერია, რომელიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხება.
ამერიკელი კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ პარტიებთან მუშაობის შეფერხება ხელს შეუშლის საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროკავშირთან და ნატოსთან მჭიდრო ურთიერთობებს.
“როგორც საქართველოს მეგობრები, რომლებიც დიდი ხანია მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიისადმი ერთგულებას, თბილისში მომხდარი მოვლენები დამთრგუნველი სანახავი იყო. ქართველი ხალხის მიერ წლების განმავლობაში გაწეული მძიმე შრომა, უფრო ძლიერი და წარმატებული დემოკრატიის ასაშენებლად გადამეტებული ძალისა და არადემოკრატიული ქმედებების გამო სერიოზული საფრთხის ქვეშაა.
პოლიტიკური უთანხმოების მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით, ჩვენ მოვუწოდებთ “ქართული ოცნების” ლიდერებს სიტუაციის დეესკალაციისკენ და ნაციონალურ მოძრაობასთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მუშაობის დაწყებისკენ, რათა ჯანმრთელი დემოკრატიული მომავლისკენ სწრაფვა დაიწყოს.
ჩვენ ვშიშობთ, რომ უმცირესობათა პარტიებთან მუშაობის შეფერხება ხელს შეუშლის საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროკავშირთან და ნატოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებაში” , – წერია განცხადებაში.
“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში სპეცრაზმის შესვლას და ნიკა მელიას დაკავებას უკვე მოჰყვა არაერთი საერთაშორისო გამოხმაურება და კრიტიკა. პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ხელისუფლებას მოუწოდებენ დაიწყოს მოლაპარაკებები და განმუხტოს ქვეყანაში შექმნილი ვითარება.