საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერი, ლეიტენანტი ალექსანდრე პაპავაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყებამ საუკეთესო უცხოელ სტუდენტად აღიარა.
ქართველმა კადეტმა სენდჰერსტის სამეფო სამხედრო აკადემიის „ოცეულის მეთაურთა საბრძოლო კურსები“ წარმატებით დაასრულა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონიალი სამხრეთ უელსში, ბრეკონის ქვეითთა საბრძოლო სკოლაში 28 აპრილს იგეგმება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ელჩი გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილი.
„ოცეულის მეთაურთა საბრძოლო კურსები“ მიზნად ისახავს ახალგაზრდა ოფიცრების სამეთაურო უნარ-ჩვევების განვითარებას.
ქართველმა ოფიცერმა მასში მონაწილეობა „გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს 2017-2018 წლების ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის“ ფარგლებში მიიღო.
ლეიტენანტი ალექსანდრე პაპავაძე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის პროგრამის კურსდამთავრებულია.
2015-2016 წლებში გაერთიანებულ სამეფოში უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამა გაიარა.
1tv.ge