მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
ალასანიამ მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივა მედში ცოტა ხნის წინ მოინახულა. ის სასამართლო პროცესის დაჩქარებას მოითხოვს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე გადაწყვეტილება დროულად უნდა იყოს მიღებული.
“კატასტროფული მდგომარეობაა, ცარიელი ძვლები დარჩა. ნეკნები აქვს წამოყრილი და მუცელი საერთოდ აღარ არსებობს, ხერხემალი მოჩანს აქედან. ესენი ამბობენ, კი, ბატონო, ავადა არის, მაგრამ ჩვენ აქ ვუმკურნალებთ. კი ბატონო, კეთდება რაღაც გადასხმები, მაგრამ ეს ადამიანი ყოველ დღე უარესად ხდება. ვისაც ეს ეხება, ის ხომ უნდა დაფიქრდეს, რომ ეს რომ აღარ იყოს აქ, ასე რომ მოხდეს და ეს აუცილებლად მოხდება, ქვეყანას გადაუვლიან. ხომ ხედავთ, როგორი გამოცოცხლება და ინტერესია დასავლეთიდან, ამათ ასე არ შერჩებათ. გამოსავალი ძალიან მარტივია – გადაყვანა. რამდენი თვეა ამაზეა ლაპარაკი და დრო ხომ გადის. ამ ადამიანს დარჩა საათები და ვიღაცამ ხომ უნდა იფიქროს ამაზე. მე არ მესმის ასეთი სიჯიუტე რას ნიშნავს, ვერ ამიხსნია”, – თქვა გიული ალასანიამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე ან სასჯელისგან გათავისუფლებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მომდევნო სხდომა 23 იანვარს გაიმართება.