ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავა არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, თამთა მიქელაძის მიერ სოფელ ზოტის შესახებ გაკეთებულ შეფასებას არ ეთანხმება.
„კატეგორიულად არ ვეთანხმებით არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის ასეთ შეფასებას. როგორ ცხოვრობს ზოტი სახელმწიფოს გარეშე მაშინ, როდესაც ბოლო წლებში, სოფელში აშენდა ახალი სკოლა, აშენდა ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც არასდროს ყოფილა ამ სოფელში. სახელმწიფო პროგრამით შეიქმნა სასოფლო – სამეურნეო კოოპერატივი, წელს მოეწყობა სპორტული მოედანი, იგეგმება საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა, ასევე, ვმუშაობთ დონორებთან ახალი სამედიცინო ამბულატორიის ასაშენებლად თანხების მოზიდვაზე. არაფერს ვამბობთ, ყოველ წელს, სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ მცირე პროექტებზე.
ესაა ნეგატივი?
რაც შეეხება ოქროს მოპოვებას, სახელმწიფო და თვითმმართველობა სრულად ითვალისწინებს ადგილობრივების მოსაზრებას და არცერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა მოსახლეობის პოზიციის საწინააღმდეგოდ.
რაც შეეხება ჰესის მშენებლობას, 2 წლის განმავლობაში, ხელისუფლების მედიატორობით მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ადგილობრივებსა და კომპანია „ზოტი ჰიდროს“ შორის. მიღწეული იქნა შეთანხმება და რომ არა პანდემია, დაიწყებოდა კიდეც მშენებლობა.
ამ პროცესს წინ უსწრებდა გზის მშენებლობის სამუშაოები, რომელიც პროექტის განახლების შემდეგ გაგრძელდება. კომპანია, სოფელთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, არაერთ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტს განახორციელებს.
მე მქონდა კომუნიკაცია ქალბატონ თამთასთან და შევთანხმდით, როცა ის ჩამოვა შევხვდებით და ვისაუბრებთ უფრო დეტალურად ობიექტური სურათის წარმოსაჩენად.“ -აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ირაკლი კუჭავამ.
ცნობისთვის, თამთა მიქელაძე ამბობს, რომ ზოტში 200-ზე მეტი კომლი ცხოვრობს უმძიმეს კლიმატურ და გეოგრაფიულ პირობებში.