“ეს იყო ძალიან სამწუხარო დღე”, – ასე აფასებს საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს.
მისი თქმით, აშშ ძალიან დიდ ძალისხმევას დებს საქართველოში საპოლიციო ძალების განვითარებაში და მათი შესაძლებლობები ბევრად გაუმჯობესებული უნდა იყოს.
ასევე აშშ -ს ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ 5 ივლისი ასევე იმედგაცრუება იყო ქართველებისთვისაც და მოულოდნელობა იყო იმ ქვეყანაში, “რომელიც ცნობილია ტოლერანტობით”.
მისი თმით, საქართველო “უკან დგამს ნაბიჯებს ღირებულებებისგან”.
„აშშ-მა ბევრი სამუშაო შეასრულა სამართალდამცავ სტრუქტურებთან ერთად, რათა გაეუმჯობესებინა მათი შესაძლებლობები მასობრივი შეკრებების მართვაში. ამიტომ, იმედგაცრუებული დავრჩით, რადგან ეს ტრენინგი და აღჭურვილობა არ იყო გამოყენებული, როდესაც ცხადი გახდა, რომ ხალხის მასაში იყვნენ ადამიანები, ვისაც ძალადობა სურდა. დარწმუნებული ვარ, ქართველების უმრავლესობა მხარს არ უჭერს ძალადობას არც ერთ სიტუაციაში, განსაკუთრებით კი, მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც ასრულებენ სამუშაოს. ამიტომ, ვფიქრობ, ეს იყო ნამდვილად იმედგაცრუების დღე საქართველოსთვის და ბევრმა ადამიანმა უკვე გააკეთა კომენტარი. თუ რაოდენ გასაოცარი იყო იმის ხილვა, რომ ქვეყანამ, რომელიც ზოგადად ცნობილია ადამიანის უფლებების დაცვით, ტოლერანტობით, უკან დაიხია ამ ღირებულებების კუთხით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ავტორი: მერაბ ცაავა