ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას” წევრმა, დავით ხაჯიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ სასწრაფოდ და გადაუდებლად უნდა მოგვარდეს სტუდენტური საცხოვრებლების პრობლემა, რადგან იმის გამო, რომ სტუდენტები ბინის დაქირავებას ვერ ახერხებენ იჩერებენ სტუდენტის სტატუსს.
„ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ უნივერსიტეტების ადმინისტრაციის მონდომებით და ძალისხმევით შეუძლებელია. სასწრაფოდ და გადაუდებლად უნდა მოხერხდეს სახსრების მოძიება იმისთვის, რომ აშენდეს საერთო საცხოვრებლები, სტუდენტური კამპუსები იმიტომ, რომ ბინის ქირა გაიზარდა, სტუდენტები ვერ ჩამოდიან დედაქალაქში და ამის გამო იჩერებენ სტუდენტის სტატუსს.
კატასტროფულად გაიზარდა ემიგრაციაში წამსვლელთა რაოდენობა და მათი უმეტესობა ახალგაზრდობაა, ასეთი რამე აქამდე არასდროს არ ყოფილა. თუ დღეს არ დაიწყო სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ან კამპუსებისთვის თანხების მოძიება და მშენებლობა, ქვეყანა მალე დაიცლება ახალგაზრდებისგან.
გთავაზობთ, ერთად შევხვდეთ უნივერსიტეტის სტუდენტებს და ხელმძღვანელებს, ჩვენ გვაქვს გეგმა- პროექტი, რომლითაც ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება.
ახალგაზრდებს სჭირდება სახელმწიფოსგან გვერდით დგომა და აუცილებელია დაპირებების ნაცვლად დაინახონ, რომ ისინი შეძლებენ ქვეყანაში ცხოვრებას, განვითარებას და რომ ეს ახალგაზრდები ქვეყანას სჭირდება”, – განაცხადა დავით ხაჯიშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მინისტრის საათის ფორმატში მოხსენებით წარდგა.