„დაზაფრულები ვართ, აფთიაქებში ნიღბები აღარაა. ისეც პანიკაშია ხალხი და ნიღბით მაინც უზრუნველგვყონ. თუ უფასოდ არ დაარიგებენ, ხელმისაწვდომი რომ იყოს, ეს მაინც გააკეთოს ხელისუფლებამ. ყველა აფთიაქი ჩამოვიარე და ნიღაბი „იმპექსის“ გარდა არსადაა. ფასს არ იკითხავთ? _ 1 ლარი და 40 თეთრი ღირს“, _ ჰყვება „გურია ნიუსთან“ ერთ-ერთი ჩოხატაურელი.
ქალბატონის ნაამბობი „გურია ნიუსმა“ სააფთიაქო ქსელებში გადაამოწმა.
როგორც პსპ-ში გვითხრეს, ამ ეტაპზე აფთიაქში სამედიცინო ნიღბები არ არის და არც იციან, როდის შემოიტანენ.
„ამ ეტაპზე პირბადე არ გვაქვს. დღეს დილით გაიყიდა, რაც გვქონდა _ 1500 ცალი. არ ვიცით, როდის შემოვიტანთ, რადგან ბაზაში არ არის“, _ გვეუბნებიან პსპ-ში და ამბობენ, რომ მიუხედავად დეფიციტისა, სამედიცინო ნიღბების ფასი არ გაზრდილა და ცალი 15 თეთრად გაიყიდა.
ჩოხატაურის „ავერსის“ აფთიაქში სამედიცინო ნიღბები აღარაა, თუმცა, როგორც ადგილზე გვითხრეს, აფთიაქი კლინიკას ამარაგებს. აფთიაქში არ იციან საცალოდ ზუსტად რამდენი ნიღაბი გაიყიდა.
„ჩვენი აფთიაქი კლინიკას ამარაგებს, ძალიან ცოტა გვქონდა დარჩენილი. ამდენად, ზუსტი ციფრის თქმა რამდენი ნიღაბი გაიყიდა საცალოდ, არ შეგვიძლია“.
არც „ავერსის“ აფთიაქში იციან, როდიდან შეეძლებათ მოქალაქეებს სამედიცინო ნიღბების შეძენა. აქაც მიზეზად ნივთის ქსელში არარსებობას ასახელებენ.
ნიღბები არ არის და შემოტანის თარიღს ვერ ასახელებენ ჩოხატაურში მდებარე კიდევ ერთ აფთიაქში _ „გუდფილში“.
„წუხელ გაიყიდა, რაც გვქონდა ყველა. დაახლოებით, 600 ცალზე მეტი. ზუსტ თარიღს, როდის შემოიტანენ, ვერ გეტყვით. როგორც ვიცი, ბაზაში დეფიციტია“, _ გვითხრეს აფთიაქში.
ჯერჯერობით, ჩოხატაურელებს სამედიცინო ნიღბების შეძენა მხოლოდ „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში შეუძლიათ, სადაც იმ მომენტისთვის, როცა „გურია ნიუსი“ იმყოფებოდა, 180 ცალი იყო დარჩენილი, თუმცა, ფასი გაზრდილი იყო.
_ დღეს დილიდან 100-ზე მეტი სამედიცინო პირბადე გაიყიდა. დარჩენილია 180 ცალი, თუმცა, ფასი გაიზარდა. 20 წუთის წინ 95 თეთრი ღირდა, ახლა 1.40 ლარია, _ გვეუბნებიან „იმპექსში“.