საკანონმდებლო ორგანო“კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტზე, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნეით, მარიხუანას წარმოებას ითვალისწინებს, მუშაობას არ წყვეტს და საკომიტეტო მოსმენებს, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განაახლებს.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, კანონპროექტის დღის წესრიგში დაყენების მთავარი მიზეზი ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვაა, რაც, კობახიძის აზრით, მარიხუანის წარმოებით მარტივადაა შესაძლებელი.
„კანონპროექტი პარლამენტიდან რომ გავიწვიოთ, გამოვა, რომ რაღაც ცუდს ვაკეთებდით. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ თუკი რაიმე იმის საშუალებას იძლევა, რომ ათი წლის მაგივრად, ეს რვა-შვიდ წელიწადში გავაკეთოთ, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს საშუალება, იმ პირობებში, როცა საზოგადოებას ზიანიც არ ადგება? ‘, _ განაცხადა კობახიძემ.
ეკონომიკის კრიზისიდან გამოსაყვანად, პარლამენტის თავმჯდომარეს შედარებით მარტივ გზას სთავაზობს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ლია ელიავა.
„პროსტიტუცია, იარაღითა და მძიმე ნარკოტიკებით ვაჭრობა“ _ ელიავა პარლამენტის თავმჯდომარეს ურჩევს, დაფიქრდეს ეკონომიკისთვის რამხელა სარგებლის მომტანია აღნიშნული მიმართულებებით ვაჭრობის დაწყება.
„ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად უკეთეს რეცეპტს მივცემდი პარლამენტის თავმჯდომარეს. პროსტიტუცია, იარაღითა და პირდაპირ მძიმე ნარკოტიკებით ვაჭრობა უზარმაზარ ფულს მოიტანს და ქვეყანას უცებ გამოიყვანს კრიზისიდან. ხალხის ასე აბუჩად აგდება შეიძლება?!
ჩვენ ისედაც ცოტანი ვართ, სამ მილიონს არ ვაჭარბებთ, აქედან შრომისუნარიანი მოსახლეობა, დაახლოებით, მილიონ 800 ათასი ადამიანია და ამ ადამიანების მოსპობით ამოწყდება მთელი საქართველო, ეს უნდათ?!
ეს კანონი თუ მიიღეს, ქართველი ხალხი ზოოპარკში იქნება სანახავი.
მთელი ავღანეთი გადასული არის ნარკოტიკების წარმოებაზე და გამდიდრდა ქვეყანა? რა თქმა უნდა, არა. ერთეულები გამდიდრდებიან. ეკონომიკისთვის ეს არის ნულოვანი ეფექტის მომცემი ღონისძიება. ღიად ვაცხადებ, რომ ამ მიმართულებით ეფექტური გათვლები მთავრობას არ გააჩნია“, _ გვითხრა ელიავამ.
საკანონმდებლო ორგანოს კანონპროექტზე მუშაობა ამჟამად შეჩერებული აქვს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კანონპროექტს მხარს დაუჭერს, საქართველოში მარიხუანის წარმოება ლეგალური გახდება.





































































