უპირველესი პრობლემა, რაზეც საზოგადოება, ხალხი გამუდმებით საუბრობს, ფასების ზრდა, ან პირიქით, კლებაა, რომელიც ბოლო პერიოდში, ზოგიერთ საკვებ პროდუქტზე დაფიქსირდა.
ბოლო ათი დღის განმავლობაში, ოზურგეთის სავაჭრო სივრცეში, სუპერმარკეტებსა თუ ზოგადად, საკვები პროდუქტის მაღაზიებში, ზეთზე ფასის საგრძნობი კლება დაფიქსირდა.
“მაგალითად, თუ ერთი ლიტრი ზეთი აქამდე, საშუალოდ, 9-10 ლარი ღირდა, აქციის შემთხვევაში კი, შვიდ ლარად შეიძენდი, ახლა 5,50 ან ხუთი ლარი ღირს. ზეთის ფასი, თითქმის, განახევრდა და რა თქმა უნდა, ჩვენი შემოსავლების პატრონისთვის, არსებული ფასიც ძვირია, თუმცა, ცოტა შეღავათი მაინცაა. ვშიშობთ, იქნებ, ისევ მოუმატონ. მაგალითისთვის, შაქრის ფასის წარამარა ცვლაც კმარა. შესაძლოა, ასე არასტაბილური გახდეს ზეთის ფასიც. როგორ არ დაადგა საშველი, რომ უპირველესი პროდუქტების _ შაქრის, ზეთის და პურის ფქვილის ფასი მაინც ყოფილიყო სტაბილური?!” _ ბრაზობენ რიგითი მოქალაქეები.
ზეთის შემდეგ ფასი დაიკლო პურის ფქვილმაც. მაგალითად, ყველაზე მეტი მომხმარებელი 25-კილოგრამიან პურის ფქვილს ჰყავს _ ის 7-8 ლარით გაიაფდა (49-50 ლარი ღირდა) და ახლა 43 ლარი ღირს.
ოზურგეთის სავაჭრო სივრცეში, ძირითადად, “გულისტანის” და “ბარაქას” პროდუქცია იყიდება.
_ ფასი არ აკლდება “ექსტრა” ხარისხს. ეს არის სუპერ ხარისხი და როგორც ქარხნებში გვეუბნებიან, საშუალოდ, სამი ტონა ხორბლის ფქვილიდან, მხოლოდ 500 კილოგრამი აიღება. ამიტომ 25-კილოგრამიანი ასეთი ფქვილი, კვლავ 55 ლარი ღირს, _ გვეუბნებიან თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე საბითუმო მაღაზიებში.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, ამ დროისთვის მოხდა ინფლაცია, რომლის მაჩვენებლის ფორმირებაზე, ძირითადი გავლენა ფასების ცვლილებამ იქონია, რაც შემდეგ ჯგუფებზე აისახა: 1) სურსათი და უალკოჰოლო სასმელები _ ამ ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.62 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (4.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.3 პროცენტი), ხილი და ყურძენი (2.0 პროცენტი), თევზეული (1.4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.4 პროცენტი) და ზეთი და ცხიმი (-1.1 პროცენტი);
რა ხდება ხდება რეალურად?
რეგიონში არსებული ფასების მიხედვით, გაიაფება, ჯერჯერობით, მხოლოდ ზეთს, შემდეგ კი პურის ფქვილს დაეტყო.
_ ამ დროისთვის ზეთი საგრძნობლად გაიაფდა. 50 თეთრით გაიაფდა მარგარინი. ველოდებით კარაქის გაიაფებას და ზოგადად, ცხიმიანი პროდუქტის ფასდაკლებას, _ გვეუბნებიან ოზურგეთის სავაჭრო მარკეტებში.
კითხვაზე, თუ როდის მოხდება ეს, ამბობენ, რომ თანდათან გაგრძელდება პროცესი, რომელიც დაწყებულია.
გაიზარდა შაქრის ფასი და ბევრგან ერთი კილოგრამი სამი ლარი ღირს. ხოლო ყველაზე იაფად, შესაძლებელია, 2,75 ლარად იყიდოთ.
ასევე, გაიზარდა ყველის, რძის ნაწარმის ფასიც, რომელიც ცოტა ხნის წინ 2-3 ლარით ნაკლები იყო. კვლავ მაღალია ერთი კილოგრამი სიმინდის ფქვილის ფასი, რომელიც 4-5 ლარს შორის მერყეობს.
_ მშრომელი ადამიანის ნაწარმს ფასი უნდა ჰქონდეს. ძალიან კარგია, თუ ყველის, სიმინდის, კვერცხის, ხორცის ფასი გაიზრდება. ბევრმა არ იცის, როგორი შრომის ფასად ხდება ამ ყველაფრის კეთება. მით უფრო, როცა თვით ცხოველის და ფრინველის საკვები ძალიან გაძვირდა. ამის გამო, არა ერთმა ოჯახმა მარჩენალი ძროხაც კი გაყიდა! მთავარი აქ, იცით, რა არის? ვიღაცას კი არ შევეცოდეთ და ზეთს და კარაქს კი არ გვიიაფებს, არამედ ხალხმა დაიწყო გამოსავლის ძებნა ამ გამოუვალ მდგომარეობაში და “დაუთმეს”. იკრიბებიან ადამიანები და აქვე, თურქეთში გადადიან, სადაც თითქმის ნახევარ და უფრო დაბალ ფასად ყიდულობენ საკვებ პროდუქტს. ზამთრის მოახლოებასთან დაკავშირებით, უფრო გააქტიურდა ასეთი ნაბიჯები. ამიტომ ვეღარ გაყიდეს ცეცხლის ფასად ეს ზეთი თუ მარგარინი. როგორც კი ხალხმა გამოსავლის ძიება დაიწყო, ეს “უჩინარი” მანქანაც ამოძრავდა და “შემოაგდეს” გაიაფების პროცესი. დაიმახსოვრეთ, თუ ხალხი შეწყვეტს აქტიურად თურქეთიდან პროდუქტის შემოტანას, კვლავ გაიზრდება ფასი და გვამყოფებენ ასე თამაშში! _ გვეუბნებიან ოზურგეთის ბაზარში რიგითი მოქალაქეები: მაია დოლიძე, რუსიკო მეხუზლა და სხვები, რომლებიც გვიდასტურებენ, რომ თავადაც შეიძინეს თურქეთში საკვები პროდუქტები. ზოგჯერ კი ახლობლებს აბარებენ, რომ ზეთი და სხვა საჭირო პროდუქტი ჩამოუტანონ.
მაღაზიებში, გარე ვაჭრობის დახლებზეც კი, სადაც ხალხს უფრო იაფი ფასები ეგულება, თითქმის გასამმაგებულია წვრილმანი საოჯახო ნივთების ღირებულება.
_ სასწაული ხდება ამ მხრივ! მაგალითად, ერთი კოჭი ძაფი, დასახელებით “ათი ნომერი”, რომელიც 50 თეთრი ღირდა, ახლა რაოდენობით განახევრებულია და ერთი ლარი ღირს _ ჩურჩხელისთვის ვიყენებდი. ადამიანები ასეთ “წვრილმანებს”, რომ დაგვჭირდება, მაშინ ვაკვირდებით. მერე გადავხედე წვრილმანების ფასებს და ვხედავ, თითქმის გასამმაგებულია. საოცარი მიდგომაა. შაქრის ან ყველის ფასს ვერ გაასამმაგებ. თუმცა, ძაფი და ნემსი, შეიძლება გააოთხმაგო. მთავარია, იკადრო! _ გვეუბნება ზინიკო გურგენიძე, რიგითი ოზურგეთელი მომხმარებელი და ხუმრობს, ამ ძაფზე აცმული ჩურჩხელის ჭამა კი ღირსო.
_ ყველა დროში ხდება ფასის კლება თუ მომატება. ინფლაციაც არ არის ახალი სახელი. თუმცა, საკვებ პროდუქტებზე უცნაური კლება-მატების გააქტიურებული ტანდემი გვაქვს, რაც სხვა დროს არ მომხდარა. კარგი ის იქნება, თუ ხალხს ასეთი გამოცანების ამოსახსნელად არ გვაფიქრებენ და ადამიანურ ფასებს შემოგვთავაზებენ, _ ამბობენ რიგითი ოზურგეთელები.
ავტორი