გუშინ ხანძარი იყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღაში. როგორც “გურია ნიუსისთვის” ხდება ცნობილი, ცეცხლმა ადგილობრივი მცხოვრების, ლევან დუმბაძის სახლი მთლიანად გაანადგურა.
“სახანძრომ ვერ მოასწრო მოსვლა. ვერაფრის გამოტანა ვერ შეძლეს. მთელი ცხოვრების ნაშრომი გაუნადგურდათ. ქუჩაში დარჩნენ სამი მცირეწლოვანი ბავშვით”, _ ამბობენ “გურია ნიუსთან” საუბრისას ადგილობრივები.
ხანძრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ოჯახის ახლობელმა თემურ კონცელიძემ.
“ძალიან ვწვუხვარ და განვიცდი მომხდართან დაკავშირებით. არ მოიძებნება ამ დროს სანუგეშებელი სიტყვა, რომლითაც შეიძლება ადამიანი ანუგეშო, მაგრამ ერთი ვიცი და ამისი თქმა ხმამაღლა შემიძლია, შენ ისეთი კაცი ხარ, ლევან, არავინ დაგტოვებს განსაცდელისა და ამ მძიმე დღეებში მარტო. ჩვენ, შენი კეთილის მსურველები, ყველაფერს გავაკეთებთ ამ მოკლე დროში, რომ ისევ დაგიბრუნოთ ის ხალისი და ლაზათი, რაც აქამდე გქონდა. არაფრის შეგეშინდეს! შენ იმდენი კარგი და კეთილი საქმე გაქვს გაკეთებული, ჯერ ღმერთი და მერე ჩვენ ხალხი დღესაც და ყოველთვის შენ გვერდით ვიქნებით…”, _ წერს სოციალურ ქსელში თემურ კონცელიძე.
რა დახმარებას გაუწევს მუნიციპალიტეტი დუმბაძეების ოჯახს, ინფორმაციას “გურია ნიუსი” მალე შემოგთავაზებთ.