თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე სამშენებლო მასალების ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შესული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე სამშენებლო მასალების ბაზრობაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.
გამოძახებაზე რეაგირება შეტყობინების მიღებისთანავე დაუყონებლივ მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე ახლოს მდებარე გაზგაზამართ სადგურზე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა საფრთხის თავიდან აცილება, ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამშენებლო მასალების ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.