შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამეგრელოს რეგიონში ხანძრის 40 კერიდან ამ დროისთვის 5 კერაა დარჩენილი. დანარჩენი კერები ლოკალიზებულია. ცეცხლის კერებია მარტვილში, წალენჯიხაში და ზუგდიდში.თითოეულ მათგანზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, თუმცა სამუშაოებს ძლიერი ქარი აფერხებს.
ხანძრის შედეგად დამწვარია რამდენიმე ათეული ჰექტარი, ასევე, რამდენიმე ადგილას დაიწვა სახნავ-სათესი სავარგულები, მათ შორის, თხილის პლანტაციების ნაწილი.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების მერიებში შესაბამისი კომისიები იქმნება, რომელებიც ზარალს დაითვლიან.
ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია სამეგრელოს სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ასევე, ეკიპაჟები აჭარიდან, გურიიდან და იმერეთიდან.